ახალი ამბები

ილია II რუსეთის საპატრიარქოს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარებისთვის მიმართავს

2 მარტი, 2018 • 4174
ილია II რუსეთის საპატრიარქოს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარებისთვის მიმართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით, პირველ მარტს გაიმართა შეხვედრა ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან.

“ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას სთხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის  გადმოცემასთან  დაკავშირებით.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის  დასახმარებლად”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, 23 თებერვალს კი ის ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი