ახალი ამბები

კვირიკაშვილი ტატუნაშვილის საქმეზე: დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან

2 მარტი, 2018 • 1518
კვირიკაშვილი ტატუნაშვილის საქმეზე: დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირველ მარტს, საღამოს ესტუმრა და მიუსამძიმრა. თან გააცნო, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება დაღუპულის ცხედრის გადმოსასვენებლად.

“საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა”, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, 23 თებერვალს კი ის ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი