ახალი ამბებიხელოვნება

“გიორგი” – ქვიარ ფოტოგრაფის გამოფენა საზოგადოების წნეხის წინააღმდეგ [ფოტო]

2 მარტი, 2018 • 3205
“გიორგი” – ქვიარ ფოტოგრაფის გამოფენა საზოგადოების წნეხის წინააღმდეგ [ფოტო]

“დაბადებისას ყველა ბიჭს გიორგი გვქვია – სახელი, რომელიც ყველა „ტრადიციას“, „კაცობას“, „პატრიოტიზმს“ და გვარის გამგრძელებელ, წარმატებულ ოჯახის უფროსს გამოხატავს. ვიზრდებით. არა, გვზრდიან. გვატყუებენ. ისინიც მოატყუეს. ჩვენ იდენტობას გვართმევენ, მთელი ცხოვრება ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ, შევიძინოთ, გავიგოთ, რა არის ჩვენი ნამდვილი სახე,” – ლაშა ცერცვაძის პირველი პერსონალური გამოფენა “გიორგი” ლგბტ თემის პრობლემებზე სწორედ ამ მეტაფორული საშუალებით საუბრობს. სურათებზე, რომლებიც ფოტოგრაფმა “Black and White Gallery”-ში პირველ მარტს გამოფინა, შიშველი კაცები არის ასახული, რომლებიც, როგორც თავად ფოტოგრაფი განმარტავს, წინ აღუდგნენ “მასკულინური კაცის” სტერეოტიპს, რომლებიც ამაყობენ თავიანთი იდენტობით, სხეულითა და სენსიტიურობით.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ლაშა ცერცვაძე ამბობს, თუ როგორ გაჩნდა პროექტის იდეა, რატომ არის მისი სათქმელი აქტუალური; ასევე იმ კაცების შესახებ, რომლებმაც მიუხედავად წნეხისა საკუთარი თავის პოვნა შეძლეს.

ლაშა ცერცვაძის გამოფენა “გიორგი” , ფოტო: ნეტგაზეთი

ყველა ფოტო, რომელიც გამოფენისთვის შეარჩიეს, იმ სახლებშია გადაღებული, სადაც ფოტოების გმირები ცხოვრობენ. ლაშა ცერცვაძის კონცეფციის მიხედვით, ყოველი მათგანი სიმბოლურად წითელია, ვინაიდან ეს ფერი ყველაზე კარგად ასახავს ქვიარ თემის სექსუალურობას და, ამავდროულად, აგრესიულია.

პირველ რიგში, მინდა ვთქა, რომ ეს  თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია იმიტომ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ლგბტქ საზოგადოებას აქვს, პირადად მეხება. და სულ მინდოდა, რომ რაღაც გამეკეთებინა და რაღაცით მეთქვა ჩემი სათქმელი, რადგან ეს პრობლემა  ჩემთვის ყველაზე ახლო და ნამდვილია. შეუძლებელია ვიყო ყალბი, როდესაც ამ ყველაფერზე ხმამაღლა ვსაუბრობ.

რაც შეეხება პროექტს, “გიორგი” არის სახელი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ქართული კულტურის მასკულინურ და მანკიერ მხარეს. ხშირად ხდება ისე, რომ ახალ თაოებებს ახვევენ თავს ამ სტერეოტიპებს და  ელოდბიან, რომ ისინი გაიზრდებიან “კაცებად”, რომ იქნებიან ძლიერები, მასკულინურები. მე მგონია, რომ ასეთი საზოგადოება ცდილობს, ინდივიდს წაართვას მისი იდენტობა.“გიორგი”  ჩემთვის ამ ყველაფრის მეტაფორა არის,” – ამბობს ფოტოგრაფი.  

მისივე თქმით, ზოგ სურათზე კაცების სახეები გადაჩხაპნილია. ეს ის ხალხია, ვინც საჯაროდ არ საუბრობს თავის იდენტობაზე იმიტომ, რომ ამის გაკეთება , ხშირ შემთხვევაში, საფრთხი სშემცველია. ლაშა ცერცვაძემ მათ სიმბოლურად “გიორგები” დაარქვა, დანარჩენს კი, ვისაც სახე უჩანს, თავისი ნამდვილი სახელი აქვს მიწერილი. როგორც ფოტოგრაფი განმარტავს, ყველა ჩვენგანს თავისი სახელი აქვს, უბრალოდ, საზოგადოებრივი წნეხის გამო დიდ ნაწილს ბედნიერების, სიყვარულისა და ემოციურობის უფლება ერთმევა.

ლაშა ცერცვაძის გამოფენა “გიორგი” , ფოტო: ნეტგაზეთი


ამ პროექტში ჩემი ავტოპორტრეტიც არის. მე ვგრძნობ, რომ  არ მექნებოდა უფლება ასეთი პროექტი გამეკეთებინა, თუ  მე თვითონ არ ვიქნებოდი ჩართული. ერთი წელია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობ, ერთი წელია, რაც ვიღებ. პროცესი საკმაოდ რთული იყო იმიტომ, რომ ჯერ ერთი- “ქვიარობა” არის სტიგმატიზირებული და მეორე, სიშიშვლე. ამის თავმოყრა, თუნდაც  ეთიკური თვალსაზრისითაც, ძალიან გამიჭირდა. როგორც ფოტოგრაფი, ვალდებული ვიყავი, დამეცვა ჩემი გმირების უფლებები. ვისაც არ უნდა სახე გამოუჩნდეს, მე იმას სახეს ვერ გამოვუჩენ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ ხალხი დამეთანხმებინა”, – ამბობს ლაშა ცერცვაძე.

ლაშა ცერცვაძის გამოფენა “გიორგი” , ფოტო: ნეტგაზეთი

ფოტოგრაფის სიტყვებით, მას უნდოდა, პროექტში უფრო “დიდ” ადამიანებსაც მიეღოთ მონაწილეობა, რომლებსაც, როგორც ლაშა ცერცვაძე მიიჩევს, რეალურად მთელი ცხოვრება აქვთ წართმეული, ვისაც ცოლები და შვილები ჰყავთ, თუმცა გრძნობენ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არა თავიანთი სურვილის მიხედვით, არამედ იმ წნეხის გამო, რომელზეც საზოგადოება ქვიარ თემს სწირავს.

“რაც შეეხება გმირების შერჩევის პროცესს, ბევრი ადამიანს, რომელიც გადავიღე, ვიცნობდი და, შესაბამისად, მათთან კონტაქტი გამიადვილდა. დანარჩენი ფეისბუკისა და ინტერნეტის საშუალებით ვიპოვე. ხშირად მომდიოდა პასუხი, რომ პროექტში მონაწილეობას მხოლოდ იმ პირობით მიიღებდნენ, თუ მე მათ სახეს დავმალავდი. თავიდან ვიფიქრე, რომ ყველა ადამიანი დამალავდა სახეს და ყველას უნდა რქმეოდა “გიორგი”, მაგრამ მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თანახმაა, თავისი იდენტობის შესახებ ხმამაღლა განაცხადოს. ძალიან ბევრი ადამიანი თავიანთი თავით ამაყობს  და არაეთიკური იქნებოდა, დამემალა მათი სახე,” – ამბობს ფოტოგრაფი.

ლაშა ცერცვაძის გამოფენა “გიორგი”, ფოტო: ნეტგაზეთი


გამოფენა “გიორგი” ორ დღეს გასტანს. ის ეძღვნება ყველა იმ ქვიარ კაცს, “რომლებსაც იდენტობა წაართვეს, ვისაც ტყუილსა და შიში უწევს ცხოვრება, ვინც იძულებულია დაიმალოს. მათ, ვისაც არ აძლევდნენ ტირილის უფლებას”.

ლაშა ცერცვაძის გამოფენა “გიორგი” , ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი