ახალი ამბები

‘იავნანას’ საქმეზე პაატა ბურჭულაძის ცოლი გამოკითხვაზე არ მივიდა – პროკურატურა

1 მარტი, 2018 • 2005
‘იავნანას’ საქმეზე პაატა ბურჭულაძის ცოლი გამოკითხვაზე არ მივიდა – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ფონდ “იავნანას” ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის ცოლი ანჟელა ვასილენკო გამოკითხვაზე არ მივიდა, პროკურატურა აცხადებს, რომ მას მაშინ გამოკითხავენ, როდესაც საქართველოში ჩამოვა.

“პროკურატურა ამ ეტაპზე არ გეგმავს ისარგებლოს ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოწმის გამოძახების წესით, ვინაიდან მიზანშეუწონლად მიაჩნია მოწმე ა.ვ-ს მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე მის ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ანჟელა ვასილენკო გამოკითხვაზე დღეს, 1 მარტს, 13:00 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ცნობით, გამოკითხვის თაობაზე უწყება ჩაბარდა იავნანას აღმასრულებელ დირექტორ გურამ ახალაიას. საქართველოში არ იმყოფება თავად პაატა ბურჭლაძეც, რომლისთვისაც გადასაცემი უწყების ჩაბარებაზე უარი მისმა შვილმა განაცხადა.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ფონდ “იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. პროკურატურა აცხადებს, რომ 2006-2013 წლებში ფონდ “იავნანას“ შემოწირულობებით დაფინანსებულია ანჟელა ვასილენკოს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასამგზავრებელი ავიაბილეთების თანხები, ასევე მასზე ხელფასის და სხვა ანაზღაურების სახით გაცემულია თანხები და ხსენებული ხარჯების ოდენობა შეადგენს რამდენიმე ათეულ ათას ლარს.

გამოძიების მიზანია, ფონდ ,,იავნანას’’ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში გამოარკვიოს, თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის მეუღლის მგზავრობისა და სასტუმროს თანხები, ასევე, რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები, აცხადებს პროკურატურა.

პაატა ბურჭულაძემ 2018 წლის 9 თებერვალს ჩვენება სასამართლოში უკვე მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხირიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვიებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ ვიდეოპორტალმა POSTV-მ 12 სექტემბერს გაავრცელა.

ფილმი მომზადებულია POSTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძეა, აღმასრულებელი დირექტორი – ლაშა ნაცვლიშვილი, პროდიუსერი კი – შალვა რამიშვილი.

ფილმში პაატა ბურჭულაძისა და ფონდის წარმომადგენელთა მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი. ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ფონდის შემოსავლებს ხელმძღვანელი პირები მალავდნენ, განზრახ ქირაობდნენ ისეთ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც სრულად არ აღწერდნენ “იავნანას” შემოსავლებს. ფილმში აღნიშნულია, რომ აუდიტორული დოკუმენტების მიხედვით ფონდმა იავნანამ 5 წლის განმავლობაში 9 მლნ 500 ათასი ლარი შეაგროვა და ქველმოქმედებისთვის მხოლოდ მესამედი – 3 მლნ 260 ათასი ლარი დახარჯა.

“იავნანას” საპასუხო განცხადების მიხედვით, POSTV-iს ფილმი არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის, არამედ ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ფონდში განმარტავენ, რომ  ორგანიზაციის საქმიანობას დამოუკიდებელი აუდიტორი სწავლობს, რომლის ანგარიშიც საგადასახადო უწყებას ყოველწლიურად ბარდება. თავად პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ იცოდა მის წინააღდეგ დაგეგმილი ანტიპიარკამპანიის შესახებ, თუმცა ვერ იფიქრებდა, რომ ეს მიზნად ისახავდა ფონდის განადგურებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი