ახალი ამბები

საჯარო უწყებებში დასაქმებულები კორპორატიულ ნომერში ყოველთვიურ სააბონენტოს გადაიხდიან

1 მარტი, 2018 • 5015
საჯარო უწყებებში დასაქმებულები კორპორატიულ ნომერში ყოველთვიურ სააბონენტოს გადაიხდიან

საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს კორპორატიულ ნომერში თვეში ფიქსირებული სააბონენტოს სახით ერთი ლარის გადახდა მოუწევთ. ამას ახალი სატენდერო პირობები ითვალისწინებს.

დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურეობაზე გამოცხადებულ ტენდერში მაგთიკომმა, ჯეოსელმა და შ.პ.ს ვიონმა (ბრენდული სახელწოდებით ბილაინი) გაიმარჯვეს.

ამჟამად არსებული ხელშეკრულებით, სააბონენტო ფიქსირებულ გადასახადს საჯარო უწყებების თანამშრომლები არ იხდიან.

კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება პირველი მარტის ჩათვლით შეეძლოთ. სხდომის ოქმის თანახმად, ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიამ დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობები და მოთხოვნები.

სააგენტომ გამარჯვებული კომპანიები დღესვე გამოავლინა. გამარჯვებულ კომპანიებს საჯარო სექტორში დასაქმებული დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის  2018-2019 წლებში მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს.

მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი