აქცია ბორჯომში – “ქართული ოცნება” საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ბორჯომში “ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა იყო.

როგორც ბორჯომის საკრებულოს ქართლი ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კვირიკელიამ  აქციაზე განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” წევრია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ნიკა მელიასთან არის გარიგებაში.

“არ შეიძლება ერთი ადამიანის გამო მთელი ბორჯომი გაჩერდეს და ამას ჩვენ აუცილებლად აღვუდგებით. ჩვენ მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომ ბორჯომი აუცილებლად ამოქმედდეს,” – განაცხადა მან.

აქციის ორგანიზატორების მოსაზრებით, საკრებულოს თავმჯდომარე თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

იმის გამო, რომ ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციური პარტიები არ ამტკიცებენ მერიის საშტატო ნუსხასა და ხელფასებს, პარალიზებულია თვითმმართველობის მუშაობა. დათმობაზე არ მიდის ქართული ოცნებაც. მერიის თანამშრომლებმა გუშინ, 28 თებერვალს, საკრებულოს მუშაობის პარალიზება მოახდინეს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების მომატებას. დღეს, 1 მარტს კი, საკრებულოს შენობასთან გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. ისინი დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ბორჯომის მერია და საკრებულო, ფაქტობრივად, პარალიზებულია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან