ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულმა მხარემ ერგნეთში ოსებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

1 მარტი, 2018 • 3084
ქართულმა მხარემ ერგნეთში ოსებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსამხურის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ერგნეთში IPRM-ის [incident Prevention and Response Mechanism] ფარგლებში გამართული  რიგით 85-ე შეხვედრა ოსურ მხარესთან  სამსაათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღეს ერგნეთში განსახილველი ძირითადი საკითხი ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და მასთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული სხვა ორი პირის ქართულ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საკითხები იყო.

დღევანდელი შეხვედრა ერთგნეთში მხარეებს შორის 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, როგორც სუს-ის წარმომადგენელი ამბობს, შეხვედრა უშედეგო იყო, რამდენადაც ქართულმა მხარემ კვლავაც ვერ მიიღო პასუხი, როდის გადმოსცემს ცხინვალი ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედარს.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, მასთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშილი და იოსებ პავლიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩებიან. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა”.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ფოტო: გიორგი კიკაბიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი