ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შუშის ჭერი”- სომხეთის პოლიტიკა ქალების გარეშე

1 მარტი, 2018 • 3941
“შუშის ჭერი”-  სომხეთის პოლიტიკა ქალების გარეშე

[red_box]”როგორ გადავაქციოთ ერევნის მერის ცხოვრება ჯოჯოხეთად”[/red_box]

მრავალი წლის განმავლობაში ერევნის მერია ლას ვეგასს ჰგავდა. როგორც ცნობილია, “რაც ვეგასში ხდება, ვეგასშივე რჩება”. ასევე, რაც ხდებოდა ერევნის მუნიციპალურ საბჭოში, როგორც წესი, იქვე “რჩებოდა”, მართალია, სულ სხვა მიზეზებით: უბრალოდ, იქ ისეთი არაფერი ხდებოდა, რითაც მის კედლებს გარეთ შეიძლება ვინმე დაინტერესებულიყო. ხელისუფლების პარტიას და მის მოკავშირეებს დიდი უმრავლესობა ჰქონდათ მუნიციპალურ საბჭოში [უფრო სწორად, “უხუცესთა საბჭოში”], ასე რომ, საბჭოს საქმიანობა ძირითადად მერის გადაწყვეტილებების მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა.

ყველაფერი 2017 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა, როდესაც საბჭოში ერთდროულად ორი ოპოზიციური ძალა – ბლოკი “ელკი” [“გამოსავალი”] და პარტია “ერკირ წირანი” [პარტიის დასახელება შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც “გარგრების ქვეყანა” – გარგარი სომხეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა}. “ელკის” დეპუტატებმა მთლიანობაში თავი წარმოაჩინეს როგორც “კონსტრუქციულმა” ოპოზიციამ, თუმცა დეპუტატებმა “ერკირ წირანიდან” განაცხადეს, რომ გეგმავენ, მერისა და მისი პარტიის ცხოვრება “ჯოჯოხეთად” გადააქციონ.

ამ დრომდე ფრაქციას “ერკირ წირანი” ამ მიმართულებით შედარებით მოკრძალებული წარმატებები ჰქონდა, თუმცა 13 თებერვალს მათ ნამდვილად შეძლეს მერისა და მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების უკიდურესად უსიამოვნო სიტუაციაში ჩაყენება.

“ერკირ წირანის” დეპუტატებმა, მარინა ხაჩატრიანმა და სონა აღეკიანმა სხდომის დროს პირბადეები და რეზინის ხელთათმანები გაიკეთეს და ჩანთებიდან საშინელი სუნის მქონე სითხით ავსებული ქილები ამოიღეს [აღმოჩნდა, რომ სითხე იმ არხიდან იყო აღებული, სადაც საკანალიზაციო წყალი ჩადის] და შეეცადნენ ეს ქილები მერისთვის გადაეცათ.

ამგვარი სახით დეპუტატები შეეცადნენ ყურადღება მიექციათ იმ ფაქტისთვის, რომ უკვე რამდენიმე წელია ერევნის ნუბარაშენის რაიონში ღიად მოედინება საკანალიზაციო წყალი, რითაც ჰაერი იწამლება, ხელისუფლება კი ვერ აგვარებს პრობლემას.

ხაჩატრიანი ცდილობდა, “ნუბარაშენის მოსახლეობისგან საჩუქარი” მიეტანა მერის მაგიდასთან, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოასწრო, რადგან რესპუბლიკელი დეპუტატები თავს დაესხნენ.

დაიწყო შეხლა-შემოხლა, რაც ათეულობით ვიდეოკამერამ დააფიქსირა: საბედნიეროდ, უხუცესთა საბჭოს სხდომები პრესისთვის ღიაა: ამ სიტუაციაში მერი და მისი თანაპარტიელეები, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასიამოვნოდ არ გამოიყურებოდნენ:  კოსტუმებში გამოწყობილმა კუნთმაგარმა კაცებმა ოთახიდან უხეშად გაათრიეს ახალგაზრდა ქალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ. მეტიც, მარინა ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ შეხლა-შემოხლის დროს რესპუბლიკელმა ედმონ კირაკოსიანმა  სექსუალურადაც შეავიწროვა.

უხეცესთა საბჭოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეოკადრები  მაშინვე სოციალური ქსელებით გავრცელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღშფოთების ტალღა აგორდა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ დიასპორის სომეხთა შორისაც. სოციალურ ქსელებში აღშფოთებულთა შორის აღმოჩმდა სომეხი წარმოშობის ცნობილი ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ sistem of down-ის სოლისტი, სერჟ ტანკიანიც. გაჩნდა ხუმრობებიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა.  სოციალური ქსელების მომხმარებელთა საბენდიეროდ, მათ შორის აღმოჩნდა გორ ვარდანიანიც- კარატისტი, მსახიობი, რეჟისორი და შეთავსებით ერევნის მერის მრჩეველი, ვისი დაბალბიუჯეტური ფილმებიც უკვე დიდი ხანია სომხური ინტერნეტის მემად იქცა, სამსახიობო ხელოვნებისა და მათი ავტორის იუმორის გრძნობის სრული არარსებობის გამო.

[yellow_box]“გარგრების ქვეყანა”[/yellow_box]

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აგორდა აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ემოციების ტალღა – გენდერული ქვეტექსტია. ჩხუბი და შეხლა-შემოხლა სომხურ პოლიტიკურ წრეებში ადრეც მომხდარა, მაგალითად, როგორც ეს ეპიზოდი 2002 წლის პარლამენტში. მართალია, ბოლო წლებში საქმე ძირითადად არ მიდიოდა ფიზიკურ შეურაცხყოფამდე და დეპუტატები სიტყვიერი გარჩევებით შემოიფარგლებოდნენ, ეს ყოველთვის კაცებს შორის გარჩევები იყო, რომელიც სრულიად ჯდებოდა კავკასიური სტერეოტიპების ფარგლებში. აი, ბრუტალური კაცები, რომლებიც ორ ქალს თავს ესხმიან, ფართო საზოგადოებას პირველად აჩვენეს. ამიტომაც მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების ქცევა ყველა მხრივ განხილვის საგანი გახდა. ფემინისტები, მემარცხენეები და ლიბერალები მომხდარში პატრიარქალური ადათ- ჩვევების უკიდურეს გამოხატულებას ხედავდნენ რომელსაც უკავშირებდნენ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებთ კანონის ბოლოდროინდელ განხილვებს. ინციდენტიდან რამდენიმე საათში მერიასთან იმპროვიზირებული პროტესტიც გაიმართა ძალადობის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ბევრი ადამიანის მსჯელობაში კონსერვატიული შეხედულებები ჭარბობდა – კაცი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, თავს უფლება არ უნდა მისცეს, ქალი სცემოს. მათ შორის ასევე იყო ცნობილი ვეტერანი რესპუბლიკელი სეირან საროიანი, რომელიც ცნობილია თავისი პატრიარქალური შეხედულებებით,.

“კონსერვატიული” დისკურსის ფარგლებში რესპუბლიკელ დეპუტატებს იცავდნენ კიდეც, რომ აი, “ქალები ოპოზიციური პარტიიდან არ იქცეოდნენ ისე, როგორც სომეხ ქალებს შეეფერებათ”.

რაც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერის შედეგად მომხდარის გენდერული ასპექტი საჯარო დისკუსიის ნაწილი გახდა. მათ შორის იმიტომ, რომ “ერკირ წირანი” სომხური გაგებით ჩვეულებრივი პარტია არ არის. ეს არის პირველი სომხური პარტია, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ქალი პოლიტიკოსის მიერ არის დაფუძნებული.

“ერკირ წირანი” ზარუი პოსტანიანმა დააფუძნა, განათლების იურისტმა, რომელიც ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” წევრი იყო. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერკირ წირანი” არ მონაწილეობდა, უხუცესთა საბჭოს არჩევნების დროს კი მესამე ადგილი დაიკავა. ამასთან, ფრაქციის დეპუტატთა უმრავლესობა ქალია. სხვა კუთხით ვერ ვიტყვით, რომ პარტია ძალიან გამოირჩევა სომხურ პოლიტიკურ მოედანზე, მით უმეტეს, თავად პარტია სრულებით არ პოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც “ქალების” ანდა უფრო “ფემინისტურ” პარტიად.

“ერკირ წირანი” შეიძლება დავახასიათოდ როგორც პოპულისტური, ამ სიტყვის ფართო გაგებით. ისინი ერთმანეთს უთავსებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას, დემოკრატიას ეროვნულ-პოპულისტურ მიდგომებთან საგარეო პოლიტიკაში, რაც ხშირად გვხვდება ხოლმე სომხურ პოლიტიკაში.

მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი, რომ “ერკირ წირანის” ლიდერი და რამდენიმე ცნობილი  სახე ქალები არიან, პარტიას გამოარჩევს სომხურ პოლიტიკურ პეიზაჟში, სადაც ტრადიციულად დომინირებენ კაცები.

ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელებში ხშირად ისმებოდა ასეთი კითხვა: რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ქილებს ამ საკანალიზაციო არხის წყლით კაცები მოიტანდნენ და არა ქალი დეპუტატები? ერთი მხრივ, შეიძლება შეხლა-შემოხლა უფრო ხისტი ყოფილიყო, მწვავე. თუმცა არის მეორე მხარეც ამ საკითხში: შესაძლოა, სწორედ ის ფაქტი, რომ მათ საქმე სწორედ ქალებთან ჰქონდათ, ამან გამოიწვია რესპუბლიკელების მიერ ძალის გამოყენება ისე, რომ სიტუაციაში არც გარკვეულან. აქტიური და ინიციატორული ქმედებები ქალებისა “ერკირ წირანიდან” არანაირად ეწერებოდა მათ პატრიარქალურ გაგებაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი. ამ პატრიარქალური კულტურული კოდების შესაბამისად, ის უნდა იყოს მოკრძალებული და “იცოდეს საკუთარი ადგილი”, და თუ მისი ქცევა ამ “ნორმისგან” გადახრილია, უნდა “მიუთითო” მას ეს ადგილი და შესაძლოა, “დასაჯო” კიდეც.  

[blue_box]სომხური პოლიტიკის “შუშის ჭერი”[/blue_box]

ყოველივე ეს დაგაფიქრებს სომხურ პოლიტიკაში ქალის ადგილზე: რატომ არსებობს აქ “შუშის ჭერი”, სადაც ქალები ჯერ ვერ ამსხვრევენ მას. სომხური პოლიტიკა გახსენებს კაცების დახურულ კლუბს. სომხეთის პირველ პირებს შორის, რომლებიც პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტებს უკვე 27 წელია იკავებენ, არცერთი ქალი არ ყოფილა.

პრაქტიკულად არ ყოფილან ქალები მათ შორის, ვინც მთავრობაში ან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა. თუკი ნიშნავენ ქალებს რაიმე პოსტებზე, ეს პოსტები ძირითადად პასუხისმგებლობის ან გავლენის მინიმუმს ითვალისწინებს. შესაბამისად, დღეს მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ქალი ჰრანუშ ჰაკობიანი დიასპორის სამინისტროს ხელმძღვანელობს, რომელიც თავისი არსით დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. მეორე პოსტი, რომელსაც ქალ მინისტრებს ანდობენ, არის კულტურის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2016 წლამდე ჰასმიკ პოღოსიანს ეკავა, უფრო მნიშვნელოვანი იუსტიციის მინისტრის პოსტი 2017 წლამდე ასევე ქალს ეკავა, არპინე ჰოვანისიანს, თუმცა არჩევნების შემდეგ პარლამენტში ვიცესპიკერის პოსტზე გადაიყვანეს, რომელიც იქამდე სხვა ქალს, ჰერმინე ნაღდალიანს ეკავა. ამგვარად, პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი, როგორც ჩანს, პოლიტიკაში სომეხი ქალების ოცნების ზღვარია.

ამის მიუხედავად, არასწორი იქნება ვამტკიცოთ, რომ სომეხი ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხში პროგრესი არ არსებობს საერთოდ, რაღაც მაინც ხდება. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის შემოიღეს კვოტები ქალებისთვის. რის შედეგადაც, ქალების რაოდენობამ პარლამენტში მოიმატა, თუ 2012 წელს 131 დეპუტატიდან მხოლოდ 14 იყო, ამჟამინდელ პარლამენტში 105 -დან 15-ია.

მართალია, 30 %-იანი კვოტის მიღების მოქმედება გაურკვეველი მიზეზების გამო 2021 წლამდე გადადეს [ახლა 25%-ია კვოტა], მთლიანობაში, სომხეთში ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს, მნიშვნელოვან პოსტებზე ქალი იხილო. არა მხოლოდ დასავლეთთან, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებითაც სომეხი ქალების პოლიტიკური პერსპექტივები უკიდურესად დამთრგუნველია. რთულია თქვა, რამდენი წელი დასჭირდება იმას, რომ სომხეთს ქალი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ან თუნდაც ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ჰყავდეს.

ცოტაა ქალების რაოდენობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა შორისაც, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც ხშირად იწვევს და ციტირებს მედია.

საქმე არც ბიზნესშია უკეთესად: მსხვილი ბიზნესის ლიდერებს შორის პრაქტიკულად არ გვხვდება არცერთი ქალი, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით თავად ჩინოვნიკ-ოლიგარქების ცოლებს, შვილებსა და სიდედრებს, ვისზეც ხშირად აფორმებენ საკუთარ ქონებას. მთლიანობაში, პოლიტიკა და ბიზნესი მხოლოდ ასახავს სომხური საზოგადოების განწყობას, რომელიც საკმაოდ პატრიარქალურია. ბოლო წლებში პოლიტიკაში გაძლიერებული კონსერვატიული ტენდენციები კი ხელს უწყობს, საზოგადოებაში  არქაული წარმოდგენები ჩამოყალიბდეს ქალების ადგილთან დაკავშირებით.

ასეა თუ ისე, ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. მერიაში მომხდარი ინციდენტი იმის მანიშნებელია, რომ ბევრი სომეხი ქალი არ არის კმაყოფილი იმ ადგილით, რომელიც არსებული სისტემის ფარგლებში ერგოთ.

იმედისმომცემია სამოქალაქო საზოგადოება და მედია: ამ სფეროებში ბევრად მეტი აქტიური და ინიციატივიანი ქალია, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებში და ბიზნესში. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან რეკრუტირდება კადრები პოლიტიკურ პარტიებში, არსებობს იმედი, რომ დღეს არსებული დისბალანსი ოდესმე აღიკვეთება. ამასთან, ნელ-ნელა, მაგრამ საზოგადოებრივი ცნობიერება იცვლება და ისეთი ინციდენტები, როგორიც მერიაში მოხდა და რასაც საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციები მოჰყვა, საბოლოო ჯამში, ეხმარება მას ცვლილებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი