ახალი ამბებისაზოგადოება

სტალინის სიტყვის შემოკლებისთვის რეპრესირებული ქართველი ჟურნალისტის ისტორია

1 მარტი, 2018 • 6214
სტალინის სიტყვის შემოკლებისთვის რეპრესირებული ქართველი ჟურნალისტის ისტორია

1936 წელს ქართველი რადიოჟურნალისტი დააპატიმრეს და 4 წლით გადაასახლეს იმის გამო, რომ სტალინის სიტყვა შეამოკლა. რეპრესიები მის ძმებსაც შეეხოთ.

შსს-ს ეროვნულმა არქივმა გიორგი სურგულაძის ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც 1930-იან წლებში რადიოს ჟურნალისტად მუშაობდა. იგი 32 წლის იყო, როდესაც გადაასახლეს. გიორგი სურგულაძის ისტორიის შესახებ მისი შვილიშვილი, მანანა სურგულაძე შსს-ს არქივს ესაუბრა.

მანანა სურგულაძემ განაცხადა, რომ ბაბუას არ ჰქონია მიღებული ჟურნალისტის განათლება, იგი ხმის ტემბრის, “ხავერდოვანი ბარიტონის” გამო შეარჩიეს რადიოწამყვანად.

“1936 წელს დაიჭირეს მამაჩემის მამა გიორგი სურგულაძე, 32 წლის, 3 შვილის მამა, მხოლოდ იმიტომ, რომ რადიოჟურნალისტმა ბელადის სიტყვა შეამოკლა. ამიტომ გამოიძახეს თურმე პარტკომში, შავი დღე აყარეს, როგორ გაბედა და “ბელადის” სიტყვა შეამოკლა, რომ ინტონაცია არ იყო შესაბამისი, და კალიმაში გადააგზავნეს”, – ამბობს მანანა სურგულაძე.

კალიმა საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, ციმბირში მდებარე რეგიონია, სადაც ოქროსა და პლატინის მადნები მდებარეობდა. მადნის მოპოვება აქ 1920-იანი წლებიდან დაიწყო. სტალინის პერიოდში შეიქმნა ბანაკები, სადაც რეპრესირებულები იძულებითი შრომისთვის მიჰყავდათ.

მანანა სურგულაძე იხსენებს, რომ ბანაკში ყოფნისას ბაბუას უეცრად გაახსენდა, რომ ბებიამისი სოფელში ექიმბაში იყო და ბანაკში  შინაური წამლების დამზადება დაიწყო. როგორ მანანა სურგულაძემ გაარკვია, ზედამხედველი დაავადებისგან, სავარაუდოდ, “მუცლის წყალმანკისგან” განკურნა. გიორგი სურგულაძემ ნემსის გაკეთებაც იცოდა და ექიმებს აცრების ან სხვა საჭიროების დროს ეხმარებოდა.

“ეტყობა, ამ ყველაფრის გამო მადლიერმა ზედამხედველმა… მოხდა სასწაული და 4 წელიწადში ბაბუა დაბრუნებულა. საერთოდ რამდენი მიუსაჯეს, სამწუხაროდ, არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ 1936 წელს ასეთ მცირე ვადას არ უსჯიდნენ. ეტყობა, რაღაც საოცრება მოხდა, რომ გამოუშვეს”, – ამბობს მანანა სურგულაძე.

შვილიშვილის თქმით, სანამ გიორგი სურგულაძე სახლში არ დაბრუნდა, ოჯახმა არაფერი იცოდა მის შესახებ. ისიც არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა. როდესაც მისმა დედამ, მარიამმა, დაბრუნებული შვილი დაინახა, სიხარულისგან დამბლა დაეცა და 2 დღეში დაიღუპა.

მანანა სურგულაძე ამბობს, რომ ბაბუამისი მთელი ცხოვრება ცდილობდა ბანაკში მომხდარი ამბების მოყოლას, თუმცა შვილები უშლიდნენ.

“საწყალი ბაბუა, რა თქმა უნდა, იქიდან ჯანმრთელობაშელახული ჩამოვიდა. გამოიჭერდა ხოლმე სასწრაფოს ექიმებს და უყვებოდა. თუ რამე ვიცით, ვიცით, სასწრაფოს ექიმებს რომ უყვებოდა თავის ბედკრულ კალიმას გადასახლებაზე და აწყვეტინებდნენ, ახლა ნუ ყვები, უარესად გახდებიო. სინამდვილეში, არავის არ უნდოდა ამ საშინელებების მოსმენა”, – ამბობს მანანა სურგულაძე.

ექიმებისთვის მონათხრობი ამბებიდან ახსოვთ, რომ კალიმაში მყოფ ქართველ ახალგაზრდას ცულით ხელი მოუკვეთია, თითქოს შემთხვევით. იმედი ჰქონდა, რომ ასე ცოცხალი გადარჩებოდა.

მანანა სურგულაძე ამბობს, რომ მისი ნათესავებს შორის არ იყო ოჯახი, 1937 წლების რეპრესია რომ არ შეხებოდა. რეპრესიები გიორგი სურგულაძის ძმებსაც შეეხოთ. 1933 წელს, გიორგი სურგულაძის გადასახლებიდან ერთ წელიწადში, მისი ორივე ძმა დაიჭირეს. გიორგიმ სიცოცხლის ბოლომდე არ იცოდა, რა შეემთხვა ძმებს.

მანანა სურგულაძემ 2016 წელს გაიგო, რომ გიორგის ძმა, 30 წლის ალექსანდრე სურგულაძე, დაუჭერიათ და 2 კვირაში, 1937 წლის 15 ივლისს, თბილისში დაუხვრეტიათ. რა შეემთხვა მეორე ძმას, ჯერ არ გარკვეულა.

გიორგი სურგულაძის ისტორიის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი