ახალი ამბები

“ჯორჯიან ეარვეისი’’ 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

1 მარტი, 2018 • 13399
“ჯორჯიან ეარვეისი’’ 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

“ჯორჯიან ეარვეისი’’ აცხადებს, რომ 11 ახალ მიმართულებას ამატებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის, ბრიუსელის, ბოლონიის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავის, ათენის, სალონიკის, ხარკოვისა და ყაზანის მიმართულებით 2018 წლის 25 მარტიდან  პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ათენში გაფრენისა და უკან დაბრუნების ბილეთების ფასი 186 ევროდან იწყება, ბარსელონა – 175 ევროდან, კიოლნი- 170 ევრო, ბრიუსელი- 181 ევრო, ბერლინი- 192 ევრო. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის ფასს ასევე ემატება აეროპორტის მოსაკრებელი 137 ევროს ოდენობით.

“მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით პირდაპირი ფრენები მხოლოდ დღისა და საღამოს საათებში დაინიშნება. პირდაპირი ავიარეისების დამატება მგზავრებისთვის დროის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. ავიაკომპანიის აღნიშნული წარმატებული ნაბიჯი ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული ავიაციის განვითარებას, ასევე ახალი კადრების დასაქმებას”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ცნობით, ამჟამად, “ჯორჯიან ეარვეისი”  მსოფლიოს 10 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, 25 მარტიდან კი ეს რიცხვი 21-მდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი