ახალი ამბები

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

1 მარტი, 2018 • 2155
მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა დაუდასტურა.

“როგორც მე ვიცი, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა განაცხადი პროგრამაში ჩართვის შესახებ 23 თებერვალს შეიტანა, ხოლო 26 თებერვალს ის დააკმაყოფილეს. როგორც ჩაბუქი, ისე მისი ოჯახის წევრები, ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულნი არიან,” – განცხადა მან.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობისგან 19 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა, როგორც თავად ჩაბუქი განმარტავს, მისი გათავისუფლების შემდეგ ის და მისი ოჯახი კვლავ საფრთხის ქვეშ დგანან, რის გამოც დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვდა.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩემი დაპატიმრების შემდეგ ჩემი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები გაისმა, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ისინი და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს. დღეს, მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც კვლავ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა სახის საფრთხე შეიძლება იყოს, ამაზე ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ. ამიტომ ვთხოვ შესაბამის სამსახურს, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად მეც ჩამრთონ დაცვის სპეციალურ პროგრამაში”, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა. მისი კომენტარის თარგმანი ტელეკოომპანია “იმედმა” გაავრცელა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 15 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით გასულ წელს დააკავეს. ერდოღანის ხელისუფლება მას ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს. თავად აღნიშნულ მოძრაობას კი 2015 წლის გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი