ახალი ამბები

შენობაში, საიდანაც ჩამოვარდნილი მინა ბავშვებს დაეცა, ექსპერტიზა ტარდება

28 თებერვალი, 2018 • 4156
შენობაში, საიდანაც ჩამოვარდნილი მინა ბავშვებს დაეცა, ექსპერტიზა ტარდება

ბარათაშვილის ქუჩის 2 ნომერში მდებარე შენობაში, საიდანაც ჩამოვარდნილი მინის გამო 5 მოზარდი დაშავდა და ერთი არასრულწლოვანი იმსხვერპლა, ექსპერტიზა ტარდება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს განხორციელდა და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. სსე–ს ცნობით, მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. 

 შენობაში, საიდანაც მინა ჩამოვარდა, სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფისი მდებარეობს.

დღეს, 28 თებერვალს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად მძიმედ დაშავებული 13 წლის  ბავშვი გარდაიცვალა.

დაშავებულია კიდევ 5 ბავშვი. როგორც სანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.

“ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება თავდაპირველად 124-ე  მუხლით იყო დაწყებული, ბავშვის დაღუპვის შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი