ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება – თბილისში შენობიდან მინა ჩამოვარდა

დღეს, 28 თებერვალს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანია დაშავებული, რომელთაგანაც ერთს ოპერაცია უტარდება.

როგორც ინგოროყვას კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, მათთან გადაყვანილი სამი ბავშვიდან ერთს ოპერაცია უყარდება, ორის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ამტელ ჰოსპოტალშიც სამი ბავშვია გადაყვანილი. როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, ბავშვებს პირველად დახმარებას უწევენ და კვლევებს უტარებენ.

ნეტგაზეთს მომხდარის თვითმხილველმა განუცხადა, რომ უშუალოდ მინა ერთ ბავშვს დაეცა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ამ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ დაუდასტურეს.

“ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, როს შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი