ახალი ამბები

“საშინელებაა, როდესაც თავშესაფარში გაცნობილი დედა გწერს, რომ შიმშილით კვდება”

1 მარტი, 2018 • 1858
“საშინელებაა, როდესაც თავშესაფარში გაცნობილი დედა გწერს, რომ შიმშილით კვდება”

“საშინელი შეგრძნებაა, როდესაც დედების თავშესაფარში გაცნობილი დედა გწერს, რომ კვდება, ხოლო როდესაც მიზეზს ეკითხები, გეუბნება, რომ მშიერია”, – ეს პოსტი ფეიბსუკზე, დედების ჯგუფში ერთ-ერთმა ქალმა გამოაქვეყნა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ახალგაზრდა დედას, რომელიც რუსთავში ქმართან და ორ პატარა ბავშვთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ელენე დროებით გადავიდა თბილისის თავშესაფარში, სტატუსი შეუჩერდათ და სახელმწიფოსგან დახმარებას ვეღარ იღებენ.

ელენე თვითონ ბავშვთა სახლშია გაზრდილი და ახლობლები არ ჰყავს. ის შრომისუნარიანია, მაგრამ არავინ ეგულება ბავშვების დამტოვებელი და სამსახურს ვერ იწყებს. მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო ქრმის დროებითი სამუშაოა, რომელიც ბავშვთა გამოსაკვებათაც არ ჰყოფნით. ელენეს თქმით, არც მისი ქმრის სამსახურია სტაბილური.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ბინა არ არის, მაგრამ ფულს არ ვიხდით აქ საცხოვრებლად. გვქონდა სოციალური დახმარება, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი ქმარი დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი იყო, რის გამოც მომიწია გარკვეული დროით თბილისის თავშესაფარში გადასვლა. ამის გამო მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. შესაბამისად, წყალიც ჩაუჭრიათ.

[red_box]მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ამ ყველაფრის მოყოლა საჯაროდ არ მერიდება-მეთქი, მაგრამ ბავშვებს ამით ვერ დავეხმარები და ვალდებული ვარ, ვისაუბრო.[/red_box]

დაახლოებით ორი თვის წინ წამოვედი თავშესაფრიდან. წყალი და გაზი არ გვაქვს. მაქვს დენი, რომელზეც მოდის დიდი გადასახადი, რადგან ამით ვთბებით. რასაც გამოიმუშავებს ჩემი ქმარი, ბავშვების გამოსაკვებადაც არ გვყოფნის. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ორი ბავშვი მყავს, ხოლო დამტოვებელი არავინ. დენზე მოდის ხოლმე დიდი გადასახადი, რადგან ამით ვთბებით. ჩემი გოგო 6 წლის გახდა და მომავალ წელს სკოლაში მინდა შეყვანა, ხოლო ბიჭი 1 წლისაა,” – ამბობს ელენე.

სოციალურ მომსახურების სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ოჯახს გარკვეული პერიოდი მართლაც ჰქონდა დაუცველის სტატუსი. მათი ცნობით, ახალი განაცხადი თებერვალშია შესული და ქულები დათვლის პროცესშია. რამდენიმე დღეში გაირკვევა, მიიღებს თუ არა ეს ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას.

  • ელენეს ნებართვით გიზიარებთ მისი მობილურის ნომერს იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდებით ოჯახის დახმარებით: 555 59 60 66.

მასალების გადაბეჭდვის წესი