ახალი ამბები

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან

28 თებერვალი, 2018 • 1781
უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან

უმაღლესი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა სავალდებულო გახდება. პროგრამების შეფასებაში, იმავე აკრედიტაციაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა უნივერსიტეტის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი, ქეთი ცოტნიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ცვლილებები ავტორიზაციის დებულებაში უკვე შევიდა და იმ უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება, რომლებსაც ამ პროცედურების გავლა უკვე 2018 წლიდან უწევთ.

ცოტნიაშვილის თქმით, საერთაშორისო ექსპერტები ავტორიზაციის პროცესში, ექსპერტთა ჯგუფს უხელმძღვანელებენ:

“ძირითადად მათი ფუნქცია ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეობა იქება. თითოეულ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც მიდის უნივერსიტეტში და ამოწმებს, ჰყავს თავმჯდომარე და ამ როლს  საერთშორისო ექსპერტები შეასრულებენ. ამის ძირითადი მიზანი ის არის, რომ იმ საერთშორისო ექსპერტებს, რომლებიც ჩამოგვყავს, სხვადასხვა ქვეყანაში მსგავს შეფასებებში მონაწილეობის მიღების დიდი ხნის და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ. მეორე არის ის, რომ ამით უზრუნველვყოთ შეფასების ობიექტურობა.

გამჭვირვალობისა და ობიექტურობის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვნეთვის არის საერთაშორისო ექსპერტების  ჩართვა” – ამბობს ავტორიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელი.

რაც შეეხება აკრედიტაციას, პროგრამების შეფასებისას საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა სავალდებულო არ არის, თუმცა უნივერსიტეტებს, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, შეეძლებათ ნებაყოფლობით მოითხოვონ უცხოელი ექსპერტების ჩართვა აკრედიტაციის პროცესში.

ამ ეტაპზე განსხვავებული თანხის გადახდა არ მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც უცხოელ ექსპერტებს ჩართავენ რეგულირებადი მიმართულებების და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციისას. ეს მოხდება პროექტის “Study In Georgia” ფარგლებში:

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის, Study In Georgia-ს ფარგლებში, ჩვენ წინა წელსაც ჩავატარეთ პილოტირებები საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით.

წელსაც შევძლებთ ამ პროექტის მხარდაჭერით სადოქტორო პროგრამების და რეგულირებადი მიმართულებების (მედიცინა, სამართალი, მასწავლებლის განათლება, ვეტერინარია და საზღვაო მიმართულება) შეფასება მოვახდინოთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

აკრედიტაციის შემთხვევაში, თუ ენდომება უნივერსიტეტს, რომ საერთაშორისო ექსპერტმა შეუფასოს პროგრამა, მათ მოუწევთ თანხის გადახდა, თუმცა ამ ეტაპზე,  study in georgia-ს ფარგლებში, რეგულირებადი მიმართულების და სადოქტორო პროგრამების შეფასება არის დაფინანსებული ” – ამბობს ცოტნიაშვილი.

რაც შეეხება ავტორიზაციის საფასურს:

“საერთაშორისო ექსპერტის ანაზღაურება და ავტორიზაციის საფასური მთლიანობაში დამოკიდებული არის უნივერსიტეტის ზომაზე იმიტომ, რომ სამუშაოს მოცულობაც ამის მიხედვით განისაზღვრება” – ამბობს ცოტნიაშვილი.

როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ამბობენ, ექსპერტებს არჩევენ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოთა ასოციაციის წევრი სააგენტოების რეკომენდაციით. ასევე, რეკომენდაციის თხოვნით მიმართავენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციასაც.

გარდა ამისა, ექსპერტების ჯგუფებში, ახალი დებულების მიხედვით, აკადემიურ პერსონალთან ერთად, სტუდენტები და დამსაქმებლებიც უნდა იყვნენ ჩართულნი. ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, ეს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოთა ასოციაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა:

“ასევე, განისაზღვრა, რამდენდღიანი სამუშო დატვირთვა უწევს ექსპერტთა ჯგუფს და რამდენი წევრით დაკომპლექტდება. ძირითადად 5-6 ადამიანი იქნება და იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი მრავალპროფილიანია და აქვს სამედიცინო მიმართულებაც, ასევე საერთაშორისო თანათავმჯდომარე ეყოლება ჯგუფს, რომელიც სამედიცინო მიმართულების შემოწმებაზე იქნება პასუხისმგებელი” – ამბობს ცოტნიაშვილი.

ცვლილებები ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეხება, რომელსაც ამ პროცედურების გავლა 2018 წლიდან უწევს.


GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, რომლის აკრედიტაციის საკითხი ამჟამად ირკვევა, აცხადებდა, რომ შესაძლოა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს განათლების სისტემა იყენებდეს როგორც ინსტრუმენტს იმისათვის, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა შეამციროს.

 

“ტენდენციები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის ის, რომ შესაძლოა [აკრედიტაცია და ავტორიზცია] კიდევ ერთი ინსტრუმენტი იყოს სახელმწიფოს ხელში იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების სფეროზე გავლენა მოახდინოს. სტუდენტები  მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა არიან და სახელმწიფოს ყოველთვის ურჩევნია, რომ ამ ძალის დიდი რაოდენობა სახელმწიფო სასწავლებლებში იყოს და სტუდკავშირების საშუალებით მოხდეს მათზე ზემოქმედება” – ამბობდა  ბაკურ კვაშილავა  “ნეტგაზეთთან” საუბრისას

 

ამავე თემაზე –  აკრედიტაცია  განათლების ხარისხისთვის, თუ კონტროლის ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი