ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის შეშფოთება და მოწოდება ტატუნაშვილის დაღუპვის გამოძიების მოთხოვნით

28 თებერვალი, 2018 • 2528
აშშ-ის შეშფოთება და მოწოდება ტატუნაშვილის დაღუპვის გამოძიების მოთხოვნით

აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტმა 27 თებერვალს გამართულ პრესბრიფინგზე ცხინვალში დაღუპული შალვა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. პრესპიკერმა ასევე ტრაგიკული ინცინდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

“გვსურს განვაცხადოთ, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაკავების გამო. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. აშშ ასევე ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ორი მოქალაქის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დაკავების გამო. მოვუწოდებთ, რომ მათ თავისუფლად დაბრუნების საშუალება მიეცეთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე.

აშშ მოუწოდებს ამ ტრაგიკული ინცინდენტის ყველა გარემოების გამოძიებისკენ და აგრძელებს ყველა მხარის წახალისებას, რომ შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე, რათა ოკუპირებულ რეგიონში ორმხრივი ნდობა და გამჭვირვალობა გაძლიერდეს”,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან, თუმცა მათ პირადობის მოწმობა და ე.წ. პროპუსკი ჩამოართვეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი