ახალი ამბები

ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

28 თებერვალი, 2018 • 6034
ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატრინე კოტრიკაძე რუსული ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ლდპრ) წევრს, რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან RTVI-ის ეთერში განაცხადა.

კოტრიკაძის განცხადებამდე სლუცკის  სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ჟურნალისტი და ერთი პროდიუსერი ქალი ადანაშაულებდა. ისინი ანონიმურობის პირობით დაუკავშირდნენ ტელეკომპანია დოჟდს  და დეპუტატი მათ მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, მას სჯერა ყველა ბრალდების იმიტომ, რომ მსგავსი “არასასიამოვნო ეპიზოდი” მანაც გაიარა. 

“7 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ქართულ ტელეკომპანიაში ვმუშაობდი, ჩამოვედი მოსკოვში და ინტერვიუს დანიშვნის თხოვნით ბატონ სლუცკის დავურეკე. მან შესათანხმებლად თავის ოფისში დამპატიჟა და მთხოვა, რომ კამერის გარეშე მოვსულიყავი. ისე მოხდა, რომ როდესაც მივედი, მან ოფისის კარი ჩაკეტა, მეხებოდა და ჩემს კოცნას ცდილობდა. მე შევძელი თავის გათავისუფლება და გამოქცევა” – ამბობს კოტრიკაძე, რომელიც ქართული ტელეარხ “პირველი კავკასიურის” (ПИК) საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. 

მისივე თქმით, მსგავს სიტუაციაში რუსეთის სამთავრობო უწყებებში არაერთი ქალი ვარდება, თუმცა ამის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ.

“გვესმის, რომ ამას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ერთადერთს, რასაც ჩვენ ამით მივიღებთ, შეურაცხყოფები და ბრალდებებია, თითქოს ვიტყუებით. სინამდვილეში, ასეთი რაღაცები ხდება, ამას არავინ ებრძვის და ამის გამო, ეს ძალიან საშიშია” – ამბობს კოტრიკაძე.

იმ ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი, ვინც სლუცკი გაცილებით ადრე დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, იხსენებს, რომ როდესაც დეპუტატთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, მან ჟურნალისტის კოცნა სცადა და მის სხეულს ხელით ეხებოდა. როგორც სლუცკის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დოჟდს  განუცხადა, ამ ბრალდებების შესახებ პირველად ესმის, თუმცა, კოლეგის მოტივების გაგება შეუძლია.

“მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მე ვამბობ ასეთი ქცევის მიზანს. მოტივი არის. მე მახსოვს, დაბალ კლასებში როგორ ვწიწკნიდით გოგონებს თმებს იმიტომ, რომ მათში ინტერესი გამოგვეწვია, სხვა გზა არ გვქონდა,” – განმარტა ჟირინოვსკიმ.

ლდპრ-ის წევრი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი. ფოტო: CC

მასალების გადაბეჭდვის წესი