ახალი ამბებისაზოგადოება

დაიკეტება თუ არა აღდგომის ტაძარი იერუსალიმში – რა ხდება ისრაელში

28 თებერვალი, 2018 • 8575
დაიკეტება თუ არა აღდგომის ტაძარი იერუსალიმში – რა ხდება ისრაელში

დღეს, 28 თებერვალს, აღდგომის ტაძარი იერუსალიმში გაიღო, ოღონდ იმ პირობით, რომ ისრაელის მთავრობა კანონს, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ფინანსურ ვალდებულებებს უწესებს, არ მიიღებს.

აღდგომის ტაძარი  ის ადგილია, სადაც ქრისტიანების რწმენით, იესო ქრისტე აწამეს, დაასაფლავეს და მკვდრეთით აღდგა. აღდგომის ეკლესია ქრისტიანებისთვის უწმინდესი ადგილია, სადაც მომლოცველების დიდი რაოდენობა მიდის.

ალ ჯაზირას” ცნობით, პალესტინაში მცხოვრები ქრისტიანების ზეწოლის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკან დაიხია და გადაწყვიტა, შექმნას დროებითი კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნეთანიაჰუ იერუსალიმის მერს შეხვდა. კომიტეტს ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის მინისტრი უხელმძღვანელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში მყოფი სამი რელიგიური ჯგუფი, ბერძენ ქრისტიანთა, ლათინ კათოლიკეთა და სომეხ მართლმადიდებელთა ეკლესიები, პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდა. მათ ერთობლივად განაცხადეს, რომ ინიციატივის მიზანი ისრაელში ქრისტიანობის შესუსტებაა.

“ქრისტიანებისა და ეკლესიების წინააღმდეგ სისტემატურმა ბრძოლამ პიკს მიაღწია რასისტული კანონპროექტით, რომელიც ქრისტიანების საერთო საკუთრებას მიზანში იღებს”, – წერია მათ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა.

BBC-ის” ცნობით, აღდგომის ტაძარი 25 თებერვალს დაიკეტა. ეკლესიების ლიდერები ამბობენ, რომ კანონპროექტი ეკლესიის მიწების გაყიდვას შეუძლებელს გახდის. მომხრეების თქმით, ეს კანონპროექტი ისრაელის შემოსავალს დაიცავს იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია თავის ქონებას კერძო დეველოპერებზე გაყიდის.

იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა, რომ კანონპროექტით საკულტო ნაგებობები გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან და იგი მხოლოდ ეკლესიის საკუთრებაში არსებულ “სასტუმროებს, დარბაზებსა და ბიზნესებს” ეხება.

“CNN-ის” ცნობით, საქმე ეხება დიდი ფართობის მიწას, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქომ 1950-იან წლებში “ისრაელის ეროვნულ ფონდს” 99 წლიანი იჯარით გადასცა. იჯარით გადაცემული მიწა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

“ისრაელის ეროვნულმა ფონდმა” იჯარით მიღებულ მიწაზე სახლების აშენება და ისრაელელების დასახლება დაიწყო იმ იმედით, რომ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ პირობები ავტომატურად გაგრძელდებოდა.

2010 წლის შემდეგ ეკლესიამ მიწის რაღაც ნაწილი კერძო ინვესტორებზე გაყიდა, რომელთა უმეტესობა ანონიმურია. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ეს ინვესტორები კარდაკარ დადიან და ეუბნებიან მცხოვრებლებს, რომ $50 000–$140 000 უნდა გადაიხადონ, ან შესაძლოა, სახლი დაკარგონ.

“კანონპროექტი არ ეხება ეკლესიებს, ეს ეხება მიწას, რომელიც საპატრიარქომ გაყიდა. ეს ეხება ათასობით ოჯახს, რომლებიც სახლის დაკარგვის საშიშროების წინაშე არიან”, – ამბობს რახელ აზარია, კანონპროექტის ავტორი.

იერუსალიმის მერი, რომელიც კანონპროექტს მხარს უჭერს, ამბობს, რომ ეს კანონპროექტი გამოასწორებს იმ დაუბალანსებლობას, რაც არსებობდა ეკლესიის სასარგებლოდ.

მერი ამბობს, რომ ეკლესიას 186 მილიონი დოლარის ოდენობის დავალიანება აქვს და “ვერ დავავალდებულებთ იერუსალიმის მცხოვრებლებს, ეს უზარმაზარი თანხა მათ გადაიხადონ”.

კანონპროექტის მიხედვით, ის ნაგებობები, რომლებსაც რელიგიური დანიშნულებით იყენებენ, მათ შორის, ეკლესიები, სინაგოგებსა და მეჩეთებთან ერთად, გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი