მასკი, NASA და Роскосмос-ის დასასრული

ნეტგაზეთი წარმოგიდგენთ გიორგი მამალაძის ბლოგპოსტს – “მასკი, NASA და Роскосмос-ის დასასრული”, რომელიც თავდაპირველად მამალაძის პირად ბლოგზე გამოქვეყნდა.

გიორგი მამალაძე ამჟამად Huawei-ის მთავარი პროგრამული ინჟინერია. მანამდე, 7-ზე მეტი წლის განმავლობაში, Siemens Digital Factory-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი არქიტექტორი იყო.


ორი კვირის წინ თქვენც, მეც და მთელმა კაცობრიობამ პირდაფჩენილებმა ვიხილეთ საოცარი სანახაობა, Falcon Heavy-ს გაშვება.

პირველად 2004 წელში დავინტერესდი SpaceX-ის წამოწყებით. არ მასვენებდა კითხვა: ნუთუ შესაძლებელია კერძო სტარტაპმა ნულიდან განავითაროს ტექნოლოგია, რომელიც უკვე ერთი საუკუნეა მხოლოდ უმდიდრესი სახელმწიფოების პრეროგატივაა. რამდენად შეუღწევადია სინამდვილეში Rocket Science-ის დარგი, რომელიც სირთულის სინონიმადაა გადაქცეული.

ამ თემაზე სტატიის დაწერას სულ ვლამობდი, მაგრამ ბოლო ბიძგი Роскосмос-ის რეაქცია იყო, რომელმაც Falcon Heavy-ს, ფაქტობრივად, ჯამბაზობა და შოუ უწოდა. კი, ყველამ გავიცინეთ  -  “ვაი თქვენს პატრონსო”, მაგრამ გულის სიღრმეში თითოეულმა თავისთვის მაინც გაიფიქრა, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი, ალბათ, კვლავ რჩება კოსმოსის ლიდერად. ნუთუ ასეა საქმე?

https://www.rbc.ru/business/07/02/2018/5a7b1a1a9a794796a240b042

ისმის კითხვა: ეს რეაქცია შიშია თუ ქედმაღლობა?

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, ჯერ ჩემი კოსმოსური ტექნოლოგიებით გატაცების ამბავს მოგიყვებით, მერე ISS-ის თაობაზე ისეთ ფაქტებს მოგახსენებთ, რაც ბევრს ალბათ არ სმენია. და, ამასობაში, ჩვენს კითხვასაც თავისთავად გაეცემა პასუხი.

ჩემი დაინტერესების ამბავი, ანუ რამდენად ძნელია Rocket Science?

SpaceX-ისადმი ჩემმა 2004-ში გაღვიძებულმა ინტერესმა ჯერ ამერიკული და რუსული კოსმოსური პროგრამების [დასაბამს გერმანული V1 და V2 რაკეტებიდან იღებენ] შესწავლამდე მიმიყვანა. მერე Elon Musk: Tesla, SpaceX, and the Quest for a Fantastic Future წავიკითხე. ამ წიგნში მოყოლილი ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, თურმე, კოსმოსური მოგზაურობით დაინტერესებულ მასკს NASA-ს შებერებულმა კონსულტანტმა 3-4 წიგნის წაკითხვა ურჩია.

ამ წიგნების გაგებას მართლაც უნივერსიტეტის დონის ფიზიკასა და მათემატიკის ცოდნა და ოდნავ მონდომება დასჭირდა… და ბოლოს, ამის მერე ნამდვილი გარღვევა ჩემთვის ერთი კომპიუტერული თამაში იყო, რომელმაც თეორიული ცოდნის “პრაქტიკულად” გამოყენების საშუალება მომცა.

Kerbal Space Program  –  საკულტო თამაში

თამაში ძალზე პოპულარულია კოსმოსის ენთუზიასტების წრეში. თამაშში შეგიძლია რაკეტების დიზაინი, სატელიტების გაშვება, ორბიტალური მანევრების ჩატარება, სხვა პლანეტებზე დაჯდომა და ა.შ. ცხადია, თამაში თამაშია, მაგრამ ყველა იმ პრობლემასთან გიწევს კონფრონტაცია, რაც SpaceX-მა თუ NASA-მ თავის დროზე გადაწყვიტეს ან კიდევ გადასაწყვეტი აქვთ. ეს თამაში – Kerbal Space Program იმ საინჟინრო გამოწვევების მთელ სპექტრს გაცნობს, რომლებიც ამ კომპანიების წინ ოდესმე დამდგარა.

ISS — საერთაშორისო კოსმოსური სადგური

ცოტაოდენი კონტექსტი: ამჟამად, კაცობრიობის ყველაზე დიდი კოსმოსური პროექტი საერთაშორისო ორბიტალური სადგური ISS-ია. ISS ფაქტობრივად ორი ნახევრისგან შედგება – რუსული და სხვა. სხვაში შედის NSA, ESA, იაპონია, კანადა და კიდევ ერთი ორი. ISS-ზე მუდმივად 6 კაცი იმყოფება, როტაცია ყოველ 3 თვეში ხდება. სამი ასტრონავტი ჩამოდის და სამი – ადის. ამას გარდა, უამრავი ლოჯისტიკა არის დაკავშირებული ISS-თან. საკვებით, საწვავით და მასალებით მომარაგება, ორბიტის ამაღლება (რეგულარულად საჭიროა, რადგან ხახუნის გამო ქვემოთ ჩამოდის. სხვათა შორის, რუსული ორბიტალური სადგური MIR-ის ჩამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამაღლების ფული არ ჰქონდათ.)

კოსმოსში ადამიანების მისაყვანად თუ ტვირთის მისატანად, მარტივად რომ ვთქვათ, ორი რამაა საჭირო. მატარებელი რაკეტა და კოსმოსური ხომალდი. ამის გარდა გაშვების, ორბიტალური მანევრირების, დოკინგის, ადამიანების შემთხვევაში კი დამატებით სასიცოცხლო სისტემებით უზრუნველყოფის, დაბრუნების და გადარჩენის ტექნოლოგიები. ასეთები სულ ხელზე ჩამოსათვლელია:

მკვდარი, უძვირესი და ექსპლუატაციიდან მოხსნილი Space Shuttle-ი შეგნებულად დავტოვე სიაში, რადგან მისმა ამოვარდნამ ადამიანების ტრანსპორტირების საკითხში ფაქტობრივად უკონკურენტოდ დატოვა რუსული სოიუზი.

დღეისთვის, მთელი ISS-ის საერთაშორისო პროგრამა რუსულ სოიუზზეა კრიტიკულად დამოკიდებული.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიციის წევრები: ნასას ასტრონავტი ენდრიუ ფიუსტელი, რიჩარდ არნოლდი და როსკოსმოსის კოსმონავტი ოლეგ არტემიევი ესწრებიან ფინალურ გამოცდებს რუსეთის კოსმონავტების სასწავლო ცენტრში. მოსკოვი, რუსეთი 21.02.2018 ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

ცხადია, ამ კოზირს რუსეთი წარმატებით იყენებს. სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც, მაგრამ ერთ-ერთი ხილვადი, სასაცილო და ამავე დროს სატირალი ეფექტი ისაა, რომ ყველა ასტრონავტმა მრავალთვიანი სავალდებულო წვრთნა უნდა გაიაროს რუსეთში კოსმოსური ხომალდით ფრენის სასწავლად. პროგრამის ნაწილია, აგრეთვე, ჩემი აზრით, ნებისმიერ ევროპელი და ამერიკელი ასტრონავტისათვის დამამცირებელი, სრულიად კომუნისტური და პროპაგანდისტული სავალდებულო სვლა წითელ მოედანზე და მავზოლეუმის გვირგვინით შემკობა.

ამას რუსი მღვდლის მიერ სავალდებულო კურთხევაც ახლავს.

ფოტო: NASA/GCTC/Irina Beshkova

ფოტო: NASA/GCTC/Irina Beshkova

რატომაა ეს რაკეტა სოიუზი და მისი ხომალდი ასეთი ტექნოლოგიის საოცრება? რატომ შეუძლიათ რუსებს ის, რაც სხვას არავის?

Soyuz-ის ისტორია

სინამდვილეში Soyuz-ის წარმატების ისტორია სახელმწიფო ორგანიზაცია NASA-ს მფლანგველობისა და წარუმატებლობის შედეგია.

თავისთავად სოიუზი უჩამორჩენილესი რამაა.

სოიუზის კოსმოსური ხომალდი 60-იანი წლების დიზაინია თავიდან ბოლომდე. მას შედეგ არაფერი სერიოზული მასში არ შეცვლილა. განა არ იყო ცვლილების მცდელობები, მაგრამ ყოველივე ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კატასტროფით სრულდებოდა. ანუ, ვერ ცვლიან. ბოლო ცვლილება ის იყო, რომ ტუალეტი დაამატეს და ასტრონავტებს აღარ უწევთ პამპერსებში მოსაქმება. 1960 წელია.

რაკეტაზე კი კიდევ უფრო სერიოზულადააა საქმე. პირველი საბჭოთა რაკეტა იყო R–1, რომელიც გერმანული V–2-ის 100% -იან ასლს წარმოადგენდა, რომელიც ხალხიან-ქარხნიანად წამოიღეს დამარცხებული გერმანიიდან. იხ.: https://en.wikipedia.org/wiki/R-1_(missile)

1957 წელს შექმნილი R–7 რაკეტა R–1-ების სტეკს წარმოადგენდა (ერთად გადაბმული). ჰოდა ჩვენი სოიუზი ამ R–7-ის პირდაპირი შთამომავალია. ანუ იგივე პლატფორმაა. აი ჟიგულს რაც არ უნდა უქნა, მაინც ფიატი რომ დარჩება, ეგაა.

საინტერესო და სასაცილო ფაქტი: რას ფიქრობთ, როგორ ხდება სოიუზის ძრავების ანთება? სწორად გამოიცანით. ასანთით. გიგანტურ ასანთებს უყრიან ძრავებში და ფიცარს ცეცხლს უკიდებენ. ასტრონავტების სიტყვებით, მთელი სოიუზის ტექნოლოგია ახლოდან შეხებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფილმის ესთეტიკას წააგავს. იხ: Russia Actually Lights Rockets With an Oversized Wooden Match

ხალხის და ტვირთის გაგზავნა რუსეთისთვის სერიოზული ბიზნესია.

თითო ასტრონავტზე 80 მილიონ დოლარამდე თანხას იღებენ და ფასი მატულობს. ISS-ის მომარაგება ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ აქილევსის ქუსლად და უძირო კასრად გადაიქცა.

ამ პრობლემის თავიდან მოსაცილებლად ორი რამ გაკეთდა. NASA-მ ბოინგსა და SpaceX-ს წინასწარი გადახდით კონტრაქტები გაუფორმა ასტრონავტების კოსმოსში ტრანსპორტირებისათვის. ადგილის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ დოლარია, რაც რუსული ფასის მეოთხედია.

სამწუხაროდ, ამაზე ისევ რუსეთის თანხმობა სჭირდებათ. სამაგიეროდ, ამერიკის მთავრობამ პოლიტიკური სიგნალები გამოუშვა იმის შესახებ, რომ ISS-ს თან არ გადაჰყვებიან, რუსეთმა თუ გაჭედა. იხ: Trump administration wants to end NASA funding for the International Space Station by 2025. ზოგადად, კოსმოსის კომერციალიზაციის და დემონოპოლიზაციის ტრენდი საგრძნობია, რაც მისასალმებელია.

დასკვნა: ილონმა თუ ივაჟკაცა, რუსეთს სერიოზული ბიზნესი და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტი გამოეცლება ამ ზაფხულს ხელიდან.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა მხოლოდ ჩემი ენთუზიაზისტური ჰობია, მაინც უამრავი საინტერესო, ნაკლებად ცნობილი და საოცარი რამ დამიგროვდა მოსაყოლი ამ წლების განმავლობაში. მომწერეთ და ინტერესი თუ იქნება თქვენი მხრიდან სიამოვნებით გავაგრძელებ ამ სერიას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი