ახალი ამბები

ხანძრით დაზარალებული მოვაჭრე: ნავაჭრი ფული მედო იქ, 5 ლარით ვარ წამოსული

27 თებერვალი, 2018 • 2765
ხანძრით დაზარალებული მოვაჭრე: ნავაჭრი ფული მედო იქ, 5 ლარით ვარ წამოსული

თბილისში დამწვარ სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” მოვაჭრე დარო მამულაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მისი პროდუქცია დაიწვა, მაშველები კი შიგნით ჯერ არ უშვებენ, რომ ნახანძრალი ადგილები ნახონ. მისივე თქმით, ბანკის ვალი დარჩა და დახმარებისთვის მთავრობას მიმართავს

“ნავაჭრი ფული მედო იქ, 5 ლარით ვარ წამოსული. პენსიის საბუთიც იქ იყო, პირადობაც, ყველაფერი.

15-დან 20 ათასამდე ლარის პროდუქცია მქონდა. კაციშვილი არ მოსულა, არავის უკითხავს, რას ვყიდი. გადასახადზე ჩქარა მოდიოდნენ, რომ ფული აეკრიფათ”, – ამბობს დაზარალებული.

მისვე თქმით, დაზღვევის შეთავაზებით მათთან არავინ მისულა, ის შენობა კი, რომელიც დაიწვა, 4 წლის წინ იყო აშენებული

“ყველას თავისი შუქი ჰქონდა, თავისი შტეფსელი. ჩავაქრობდით, ჟალუზს ჩამოვკეტავდით, კლიტეს დავადებით და წავიდოდით, ღია კი არ გვქონდა”, – ამბობს დარო მამულაშვილი.

კიდევ ერთი დაზარალებული, ხათუნა ხვედელიძე, დამწვარ ბაზრობაში ტკბილეულით ვაჭრობდა:

“კაციშვილი პატრონი არ ჰყავს ამ ბაზარს, ეტყობა. ერთი კაცი არ მოვიდა, არ გვითხრა, ნუ ნერვოულობთ, რაღაც იქნება, ან გამოსავალს ვიპოვით, ან რამეო. როგორ შეიძლება ასე?

ნავაჭრ თანხას სახლში არ ვატარებდით იმიტომ, რომ ღამე მივდივართ, ღამე მოვდივართ და რატომ უნდა ვატაროთ თანხა? საბუთები, ყველაფერი არ მქონდა თან, პირადობაც არ მაქვს ჩანთაში.

ჩვენამდე არავინ მოსულა, რომ დავეზღვიეთ. ისე, უბრალოდ, ერთხელ ვიღაც გამომესაუბრა სადაზღვევო კომპანიიდან და ვკითხე, რომ მომინდეს და დავაზღვიო, თუ შეიძლება-მეთქი. არაო, თვითონ ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნებს, რომ დაგაზღვიოთო”.

ხვედელიძის თქმით, მხოლოდ მის მაღაზიაში დაახლოებით 40-50 ათასი ლარის პროდუქცია იყო.

“ჩვენ ნაღდ ფულზე კი არ ვმუშაობდით, თვიდან თვემდე დისტრიბუტორებს შემოჰქონდათ და თვის ბოლოს ვაახლებდით”, – უთხრა ხვედელიძემ “ნეტგაზეთს”.

მოვაჭრეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანძარი სპეცლიაურად გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად.

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” ხანძარი 27 თებერვალს, შუაღამისას გაჩნდა. დამწვარია 3 ათას კვადრატულ მეტრამდე სავაჭრო ფართი, დაზარალებულია ათეულობით მოვაჭრე, თუმცა ზიანი ჯერ არ შეფასებულა.

ზუსტად ორ დღეში, 2018 წლის პირველი მარტიდან, ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მფლობელებს ობიექტების სავალდებულო დაზღვევას ავალდებულებს, რათა ხანძრით მიყენებული ზიანი სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი