ახალი ამბებისამართალი

მთავრობას პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმის გაოთხმაგება სურს

27 თებერვალი, 2018 • 3116
მთავრობას პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმის გაოთხმაგება სურს

კანონპროექტის მიხედვით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე ჯარიმა ოთხმაგდება, ხოლო წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა ათმაგდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა [საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა–გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს] 500–დან 1000 ლარამდე ჯარიმით გაიზრდება.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარია. ასევე, შესაძლოა, მოსამართლემ 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეორე ცვლილებაც შედის, რომელიც პოლიციელის დაუმორჩილებლობას ეხება. ამ მუხლის დარღვევისთვის 1000–დან 4000 ლარამდე იზრდება სანქცია. ამ კანონის დარღვევისთვის შესაძლოა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა დააწესონ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა 250–2000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, შსს სანქციის გაზრდას იმით ხსნის, რომ უფრო ეფექტური გახდეს პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რადგან “დაწესებულმა სანქციამ, პირველ რიგში, სამართალდარღვევის შემაკავებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს”.

შსს განმარტავს, რომ სანქციის გაზრდით სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები შემცირდება, ხოლო მოქალაქეების კანონმორჩილების ხარისხი გაიზრდება.

კანონპროექტში მოხმობილია უცხო ქვეყნის მაგალითები. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბულგარეთში პოლიციელის დაუმორჩილებლობა 1803 –დან  6011 დოლარამდე მერყეობს, გერმანიაში კი, 150–დან 2500 ევრომდე.

კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები 2 მარტიდან დაიწყება. პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად კი 7 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდია დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი