მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლეს შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

გაეროს წამების კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში საჩივარი შეიტანა. იგი ჩივის, რომ თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლოა, დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები და ის აწამონ.

აღნიშნულმა კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის 19 თებერვლის წერილით სთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში ჩაბუქის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტში განიხილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის 19 თებერვლის წერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე 15 წელია საქართველოში, დემირელის კოლეჯების ქსელში, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. თურქეთის ხელისუფლებამ მას ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს. ერდოღანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სწორედ გიულენის მოძრაობამ მოაწყო გადატრიალების მცდელობა 2015 წლის ივლისში. ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით 2017 წლის მაისში დააკავეს. მას საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 23 თებერვალს ისედაც ეწურებოდა და გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გირაოთი გაათავისუფლეს. მისი ექსტრადირების საქმეს სასამართლო განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.