ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კაციტაძე: “უნდა მოიძებნოს გზები, რომ დაზარალებულებს ცხინვალში წარმომადგენელი ჰყავდეთ”

27 თებერვალი, 2018 • 2172
კაციტაძე: “უნდა მოიძებნოს გზები, რომ დაზარალებულებს ცხინვალში წარმომადგენელი ჰყავდეთ”

ნათია კაციტაძე, ორგანიზაცია 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა და ეფექტური გამოძიების წარმოება სწორედ მისი ვალდებულებაა.

“რაც შეეხება დაზარალებულების წარმომადგენლობას, უნდა მოიძებნოს გზები, რომ დაზარალებულ და დაკავებულ პირებს ჰყავდეთ წარმომადგენელი ცხინვალში, რადგან დაკავებული პირები დღემდე იქ რჩებიან და არ არის გარკვეული და სარწმუნო, როდის მიეცემათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, კვლავ გაურკვეველია გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენების ვადები. იქ მიმდინარე პროცესებზე სარწმუნო ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია, რაზეც არ ჩანს, რომ ახლა ხელი მიგვიწვდება. რაც შეეხება საერთშორისო მექანიზმებს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ზეწოლის ყველა შესაძლო არხის გამოყენება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე, რათა გამოძიება გარდაცვალების ფაქტზე რეალურად ჩატარდეს, ხოლო ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა უმოკლეს ვადებში დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია”.

კაციტაძე მიიჩევს, რომ სამივე პიროვნების საქმეზე აუცილებლად უნდა გაიგზავნოს საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ დაზარალებულ და დაკავებულთა ოჯახებს და შევთავაზეთ დახმარება. იმედი გვაქვს, მათი გადაწყვეტილება დადებითი იქნება. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და მათ პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა აუცილებელია, კონკრეტულ ქმედებაში გამოხატული მოთხოვნები უნდა დავაყენოთ”.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი