ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აპატურაი: ცხინვალში დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გაუშვან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

26 თებერვალი, 2018 • 1864
აპატურაი: ცხინვალში დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გაუშვან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვმას. აპატურაი ასევე, მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიეცეთ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ პირებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება:

“ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით, კონკრეტულად კი, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილი დაღუპვის და ორი პირის დაკავების ფაქტით.ვიზიარებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მწუხარებას. დაკავებულ პირებს კი დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის უფლება”,- წერს აპატურაი.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას დღეს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან, თუმცა მათ პირადობის მოწმობა და ე.წ. პროპუსკი ჩამოართვეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი