ახალი ამბებისამართალი

სასამართლოს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს – გვრიტიშვილი პრემიერს პასუხობს

26 თებერვალი, 2018 • 1912
სასამართლოს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს – გვრიტიშვილი პრემიერს პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა წამების საქმეებზე, ვინაიდან ის სასამართლოს კონტროლს გარეთ ხდებოდა.

ამით 26 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრისას, გვრიტიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უპასუხა. კვირიკაშვილმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ უვადოდ დანიშნულ მოსამართლებთან კითხვები აქვს – “მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით,”- აცხადებდა კვირიკაშვილი.

“პრემიერ-მინისტრი ბრძანდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ანუ პოლიტიკოსია. მოსამართლეებისგან განსხვავებით, მას უფრო მეტი ბერკეტი და არეალი აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გააკეთოს შესაბამისი  შეფასებები, მათ შორის, პოლიტიკურიც. ალბათ, აქედან გამომდინარე, შეკითხვები, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილებში მუსირებდა – დასვა,”- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მან განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში, რაზეც შეკითხვებს სვამენ, მოსამართლე წამების ფაქტებს არ იხილავდა:

“ორივე ამ საქმეს აერთიანებს ის, რომ სულ სხვა საქმეები იხილებოდა, ანუ ერთ შემთხვევაში იყო ჯაშუშობის ბრლადება წამებული პირის მიმართ და მეორე შემთხვევაში იყო სამოხელეო დანაშაულში ბრალდება. წამება ორივე შემთხვევაში განხორციელდა სასამართლოს კონტროლს მიღმა არსებულ დაწესებულებაში, კერძოდ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ამავე დაწესებულების მოხელეების მიერ. ანუ ეს მოხელეები სასამართლო მოხელეები არ იყვნენ და სასამართლოს კონტროლის ქვეშ არ შემოდიოდნენ. 

მას შემდეგ, რაც სასამართლოს იურიდიქციიდან გავიდნენ ბრალდებულები, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, ერთ შემთხვევაში- აღკვეთის ღონისძიების შემდგომ, ხოლო მეორე შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მოთავსდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. აი, მერე ხდება უკვე წამების განხორიცელება.

ეს არის ტრაგედია, ვაღიარებთ, ადამიანური ტრაგედია, თუმცა სასამართლოს ამ ტრაგედიაში რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ჩვენი აზრით, არ უნდა დაეკისროს იმიტომ, რომ მართლაც ეს ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, წამებას ვგულისხმობ, არ შემოდიოდნენ სასამართლოს კონტროლის ქვეშ,”- აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუმცა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულხან მოლაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევა დაადასტურა, მათ შორის არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა).

მასალების გადაბეჭდვის წესი