ახალი ამბები

სფფ-ის ვიცეპრეზიდენტისა და “ჩიხურას” დირექტორის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

26 თებერვალი, 2018 • 2528
სფფ-ის ვიცეპრეზიდენტისა და “ჩიხურას” დირექტორის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

კვირას, საქართველოს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ, ტრიბუნაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-რეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საჩხერის ჩიხურის გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს სცემა. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

გამოცემა “აიპრესის” ინფორმაციით, ინციდენტი სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, სადაც საჩხერლები ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდნენ. როგორც გამოცემა წერს, საჩხერელთა მსაჯობით უკმაყოფილო დირექტორმა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს უთხრა, რომ მსაჯობა უღირსი იყო, რის გამოც კახა ჭუმბურიძემ სახეში თავი ჩაარტყა, შემდეგ კი ბერიკა შუკაკიძეს სფფ-ის ვიცეპრეზიდენტი და მისი მეგობრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც “აიპრესი” 25 თებერვალს წერს, ბერიკა შუკაკიძემ მათ განუცხადა, რომ პირველად კახა ჭუმბურიძემ დაარტყა, თუმცა ხელი თავადაც შეუბრუნა.

საჩხერის ჩიხურის დირექტორმა ნეტგაზეთს 26 თებერვალს განუცხადა, რომ სუპერთასის შეხვედრის დასრულების შემდეგ “ისეთი არაფერი” მომხდარა მასსა და კახა ჭუმბურიძეს შორის. მისი თქმით, მატჩის შემდეგ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება და “ძიძგილაობა” იყო, ვიდრე ჩხუბი.

“ყველაფერი მოგვარებულია. არაა ეს ის შემთხვევა, ამდენი ყურადღება რომ ეთმობოდეს. ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასეთი დაძაბულობა ყოველთვის ახლავს თან,” – განუცხადა ნეტგაზეთს ბერიკა შუკაკიძემ.

თავად კახა ჭუმბურიძე ამ ინციდენტზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ არ ამართლებს თავის საქციელს. ჭუმბურიძე სწუხს მომხდარი ფაქტის გამო, თუმცა ასევე, აღნიშნავს:

“მე, როგორც საჯარო პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც, ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ.

აქვე მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

  • საქართველოს სუპერთასის მატჩში, რომელიც 25 თებერვალს თბილისში გაიმართა, ქუთაისის ტორპედომ საჩხერის ჩიხურა დაამარცხა, ანგარიშით – 2:1. ქუთაისელები ეროვნული ლიგის გამარჯვებულები არიან, ხოლო საჩხერელებმა საქართველოს თასის მოპოვება შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი