თბილისის ოპერამ 294 603 ლარის ბილეთები საპატიო სტუმრებს უსასყიდლოდ დაურიგა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს თბილისის ოპერის თეატრმა 294 603 ლარის ბილეთები საპატიო სტუმრებს უსასყიდლოდ გადასცა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სამუშაოები 2015 წელს დასრულდა. განახლებული ოპერის შენობა 2016 წლის იანვარში საზეიმოდ გაიხსნა. მის გასხნას მთავრობის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გირჩევთ: განახლებული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ „არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების“ ანგარიშზე ასახული შემოსავალი 1 446 677 ლარს შეადგენს. ამ თანხების 20.4% – 294 603 ლარი სხვადასხვა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებზე უსასყიდლოდ გაცემული მოსაწვევების ღირებულებაა, რომელიც შეფასებულია არსებული საფასო ტარიფებით.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა. უკმაყოფილება პრემიერისათვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოსაწვევბმა გამოიწვია. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

არ არის შემუშავებული შიდა პოლიტიკა და პროცედურები, რომლის მეშვეობით მოხდებოდა თეატრის მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის მარკეტინგული თვალსაზრისით, ღონისძიებების შესაბამისად მოსაწვევ სტუმართა რაოდენობების დაგეგმვა, მოსაწვევების გადაცემა და აღნიშნული პროცესის ორგანიზებულად მართვა, აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.


ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ “ქართუს” ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო.

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში “გერიეცი” სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით თეატრის ფარდა დაიბეჭდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com