ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

N54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანსა და ხონში) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, N54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დაინიშნა და საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.

ანა მიქელაძის თქმით, 28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 68 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.

“დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის, და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა,” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 28 აპრილის არჩევნებისთვის ვანსა და ხონში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ცესკოს მიერ განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურის წესი, პირობები და ვადები.

ცესკომ დადგენილებით მიიღო 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განხორციელებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც.

“აღსანიშნავია, რომ 2017 წლის არჩევნებისთვის წარმატებულად განხორციელებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ცესკოს მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვისაც ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალური ონლაინ პროგრამა საკუთარი წარმომადგენლების ელექტრონული წესით დასანიშნად,” – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

დღესვე სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი განისაზღვრა. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ცესკოს მიერ დღეს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. როგორც ანა მიქელაძე ამბობს, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები:

“ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. გარდა ამისა, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მედიას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში და გამოთქვამს მათთან თანამშრომლობის მზადყოფნას.”

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

ვინ არიან კანდიდატები?

ევროპული საქართველოს კანდიდატი შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ვანსა და ხონში პარტიის ლიდერი გიგი უგულავა იქნება.

ინტერპრესნიუსის არაოფიციალური ინფორმაციით, ვანისა და ხონის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით კენჭისყრა სურს პარტიის”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს.

ჯერჯერობით უცნობია სხვა პარტიების კანდიდატები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.