ახალი ამბებისამართალი

“კლანური მმართველობის გაძლიერება” – ლევან თევზაძე პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა

26 თებერვალი, 2018 • 3362
“კლანური მმართველობის გაძლიერება” – ლევან თევზაძე პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა

26 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან თევზაძე 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. აღნიშნულს წინ უძღოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არაფორმალური შეხვედრა მოსამართლეებთან.

განაცხადი საბჭოში თევზაძის გარდა ორმა კანდიდატმა შეიტანა – ვეფხია ლომიძემ და გოჩა ჯეირანაშვილმა. ლევან თევზაძემ საბჭოს 15 წევრიდან 11-ის ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ანა დოლიძეს, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილმა არცერთ კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა ასევე არ მიიღეს მოსამართლე წევრებმა – ირაკლი შენგელიამ, რომელიც თევზაძის ნათესავია, და თავად კანდიდატმა ლევან თევზაძემ. დანარჩენმა 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა თევზაძის კანდიდატურას.

“დღევანდელი გადაწყვეტრილება არის კლანური მმართველობის გაძლიერება,” – ასე შეაფასა თევზაძის დანიშვნა საიას იურისტმა ეკა ციმაკურიძემ.

“ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისთვის და ჩვენ არც კი გვქონია მოლოდინი, რომ ვინმე ისეთ პირი დაინიშნებოდა ამ პოზიციაზე, ვინც არ იყო დაახლოებული მოსამართლეთა კლანურ მმართველობასთან,” – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი ოლიკო შერმადინი.

ლევან თევზაძის არჩევას წინ უძღოდა მისივე ნათესავის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას შეხვედრა ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეებთან.

როგორც “TI-საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ შეხვედრის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11-მა მოსამართლემ მიმართა უარით, რომ ისინი არ დაენიშნათ ამ პალატის თავმჯდომარედ.

“ცხადია, კითხვებს წარმოშობს, ვინაიდან გამოცხადებულ ვაკანსიაზე უარით, როგორც წესი, არავინ მიმართავს ხოლმე შესაბამის ორგანოს… ეს კონკურსი იყო მხოლოდ ფორმლობა და წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ ლევან თევზაძე უნდა გამწესებულიყო ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე. მან ამ პოზიციზე ვალერი ცერცვაძე ჩაანაცვლა, რომელსაც უკვე გაუვიდა უფლებამოსილების ვადა,” – ამბობს ოლიკო შერმადინი.

ირაკლი შენგელია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ იგი, როგორც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და იუსტიციის საბჭოს წევრი, მართლაც შეხვდა მოსამართლეებს.

“რადგანაც სისხლის სამართლის საქმეთა პალატას თავმჯდომარე არ ჰყავს, შევხვდი მოსამართლეებს, იქ იყო  საბჭოს მეორე წევრიც, რევაზ ნადარაიაც და ბატონი ლევან თევზაძეც. მოსამართლეებს შევთავაზე, რომ ვისაც გსურთ თავმჯდომარეობა, შემოიტანეთ განაცხადი. ეს სამმა მოსამართლემ გააკეთა”, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, მან მოსამართლეებს სთხოვა განცხადებით დაეფიქსირებინათ, თუ არ სურდათ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეობა.

ირაკლი შენგელიას განმარტებით, აქ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა და ეს მხოლოდ შეთავაზება იყო. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრები ტელეფონზე ურეკავდნენ მოსამართლეებს და ეკითხებოდნენ, უნდოდათ თუ არა კანდიდატის დაყენება და სწორედ ამ გაუგებრობების გამოსარიცხად შეხვდა მოსამართლეებს.

მოსამართლეებთან შეხვედრაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, აღძრავს თუ არა ეჭვებს ის, რომ შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მოხდა და არა საბჭოს ფარგლებში, გიორგი მიქაუტაძემ საკითხის არასწორად დასმა უწოდა.

“არასწორად არის საკითხი დასმული. საბჭოს წევრებს, მათ შორის, არამოსამართლე წევრებსაც, ნებისმიერ მათგანს, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, სურვილის შემთხვევაში, შეხვდეს ამა თუ იმ საკითხზე და ეს არ არის არაფორმალური საკითხი. ეს არის ბუნებრივი სამუშაო პროცესი. ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლე წევრის მიმართ იგივე პრეტენზია რომ გაჟღერდეს,  მოსამართლეებს რატომ შეხვდითო, ამაზე ძალიან დიდი უკმაყიფილება იქნება. ვინ უკრძალავს ვინმეს, რომ მოსამართლეებს შეხვდეს?”- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი