ბრიგინ-ბრიგინით მოსული სსრკ – რეპრესირებული გურული გლეხის ლექსი საბჭოთა ოკუპაციაზე

შსს-ს არქივში დაცულია 35 წლის გურული გლეხის მხატვრული ტექსტი, რომლითაც ეს უკანასკნელი საქართველოს ოკუპაციასა და საბჭოთა რეჟიმის დამყარებას იუმორით აღწერს:

ამხანაგო ბიძია

იმ დასაქცევ 18 მარტს გევიხედე ბიძია და ნეტაი არ გამეხედა. რაღაცა გააქვს ბრიგინ-ბრიგინი, დრიგინ-დრიგინი, ლიწინ-ლიწინი, პრიწინ-პრიწინი და მოდის, მარა რა მოდის! მოდის უშველებელი რევკომი, პროდკომი და პრედრევკომი, მოდისდა მოუძღვება, მაგრამ რას მოუძღვება, მოსდევს და რა მოსდევს!

მოსდევს: პარტკომი, პროდკომი, პრუდკომი, პუსკომი, დოიკომი, უჩასტკომი, ფაბრიკომი, ზავომი, გუბრატკომი, მესტკომი, სოვნარხოზი, სორნაოზი, ფარნაოზი, გრუკავროსტი – სულ პრახვოსტი, კომხოზი, ფინონდული, ფარნოდელი, ზუბოდელი, ჟილოდელი ჟანდარმები წინანდელი, კომსოიზიპროფსაუზი, კომსომოლა, სოცაბეზა, ნარკომზდრავი, ზრავოდელი აგენტ-პუქტი, იქით პუნკტი, ზიგიზმუნდიმიგიზმუნდი, ბიგიზმუნდი, ნაჩიბრიგი, ნაჩიდრიგი, ნაჩიდიკი, ფარპოდი – ღეჩეპოდი სანიტარპოდი და უკან მოსდევს დეზკარმერა და ჩეკა.

მოაქვთ, მარა რა მოაქვთ! ნეტავი არ მოჰქონდეს, მოაქვთ: შიმშილობა, წყურვილობა, უფულობა, უპურობა, უხორცობა, უღვინობა, უწამლობა, უბინაობა, უცოლობა, უქმარობა, გაყრა-გამოყრა და გაშტრიგინებული საანკეტო ფურცლები!

მოვიდნენ, მარა რა მოვიდნენ! ნეტავ არ მოსულიყვნენ! დალაგდნენ ქალაქში, ვაგზალში, ქუჩაში, დუქანში, სოფელში, ბოსელში, შენს ოთახში, ჩემს ოთახში, მის ოთახში, სხვის ოთახში, შენს ლოგინში, ჩემს ლოგინში, სხვისლოგინში. დალაგდნენ თუ არა, ჩვენ გაგვათავისუფლეს. გაგვათავისუფლეს ჭამისაგან, სმისაგან, დახურვისაგან, ბინისაგან, წამლობისაგან, სიარულისაგან, მოსვენებისაგან, გავლისაგან, გამოვლისაგან და თავისუფლებისაგან.

გაგვათავისუფლეს თუ არა, მერე დააარსეს საქართველოში, მარა რა დააარსეს!  საბჭოთა მთავრობა, სრული უთავობა, შაბათ-კვირაობა, ქუჩის ხვეტა, ეზოს ხვეტა, ჩაის კრება და  საანკეტო ფურცლების წერა!

მოგვაყენეს გაშტრიგინებული ფურცლები დაგვიბრძანეს: – აჰა, ჩასწერეთ: რა იყავით, იყავით, რაზე იყავით, რა ჭამეთ, რისთვის ჭამეთ,  ვინ გაჭამა, ვინ გაგაძღო, რაზეგაძეხი, სად ცხოვრობდი, რაზედ ცხოვრობდი, რაზე მოდი ან რა გინდა და შემდეგ წააწერეს, მაგრამ რა წააწერეს:  გააძევეთ, ვიკინუტ, დაიჭირეთ, დახვრიტეთ, არესტავაი ვ ჩეკუსაგან! ერთ სიტყვით, ყოლისფერი ბევრი ჩამოიტანეს, მარა ყოველისფერს ჩეკა სჯობია იმით რომ ნიკოლოზის თავს გამოჩეკარეს!


წერილი ეკუთვნის პავლე ლაზარეს ძე კალანდაძეს,  რომელიც იყო „35 წლის გლეხი, მენშევიკი -1905 წლიდან,  საშუალო განათლების,  ჯანმრთელობის განყოფილების მდივანი, აქტიური მუშაკი,“ ორგანიზაციაში და ხალხთა მასებში სარგებლობდა გავლენით. ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი,  დააპატიმრეს და გადაასახლეს  1922 წლის თებერვალში, როგორც პოლიტიკურად მოწიფული და ანტისაბჭოთა პარტიის აქტიური წევრი. გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში აღარ ჩამოსულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com