ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო

25 თებერვალი, 2018 • 1495
საქართველოს პრეზიდენტმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო

საქარველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო, ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.

“ყოველ წელს ჩვენ აქ მოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს და აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანებისათვის თავისუფლებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა.

პაპაჩემიც, დათიკო ტატიშვილიც ამ ბრძოლაში დაიღუპა და მის სახელსაც ვიხსენებ, როცა აქ ამოვდივარ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ასი წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს, ეს ნამდვილად მათი გამარჯვებაა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი