ახალი ამბები

ლეკვის მკვლელის დასჯისა და კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება

25 თებერვალი, 2018 • 2488
ლეკვის მკვლელის დასჯისა და კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება

25 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის წინ ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ. სოციალურ ქსელში ეს ღონისძიება მას შემდეგ დაანონსდა, რაც ლოტკინის დასახლებაში პატრონმა თავისი ლეკვი დანაწევრებული იპოვა.

ცხოველთა დამცველები დამნაშავის დასჯას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე კანონის გამკაცრებას მოითხოვენ.

[red_box]ნეტგაზეთის სიახლეები ცხოველთა დაცვაზე[/red_box]

ცხოველთა დამცველები პარლამენტთან 14:00 საათზე შეიკრიბებიან. ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 250-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა, ხოლო 650-ზე მეტი დაინტერესებულია პარლამენტის შენობასთან მისვლის.

“ყოველთვის რატომ ვართ ჩუმათ? რატომ არავინ გამოდის? რატომ ვხუჭავთ თვალს იმ არსებების წამების ფაქტებზე, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს? ეს უნდა დასრულდეს!

ყველა ორგანიზაცია დუმს! სახელმწიფო დუმს! ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ! ყველა უნდა გამოვიდეთ – თითოეული ადამიანი, ვისაც გული შესტკივა.

მოვითხოვოთ კანონის გამკაცრება! მოვითხოვით დამნაშავის დასჯა! ეს კრიმინალია და ამის ჩამდენი არ არის ღირსი საზოგადოებაში ყოფნის! ვისაც გული შეგტკივათ, ყველამ შევუწყოთ ხელი ერთმანეთს, რომ ეს აქცია ჩატარდეს,” – წერს ღონისძიების ორგანიზატორი.

ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 23 თებერვალს განუცხადეს, რომ ლოტკინის დასახლებაში ლეკვის დანაწევრების ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.

პატრონმა თავისი ლეკვი ლოტკინის დასახლებაში დანაწევრებული იპოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი