ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

24 თებერვალი, 2018 • 1766
სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთ ხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე”,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, 23 თებერვალს, ღამით, დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი