AP: ჯო ბაიდენი 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს

AP-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს განიხილავს, სწორედ ამ შესაძლებლობაზე ისაუბრა მან საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანაშემწეებთან შეხვედრისას. შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართა.

ბაიდენის თქმით, 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ღია საკითხი და რეალური შესაძლებლობაა. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არც ჩქარობს ამ გადაწყვეტილების მიღებას.AP ამ ინფორმაციას 5 ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ.

სააგენტო წერს, რომ პოლიტიკური სამყარო ჯო ბაიდენს დიდი ხანია განიხილავს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად. იმ შემთხვევაში, თუ მას ამერიკელი ხალხი 2020 წელს პრეზიდენტად აირჩევს, ინაუგურაციის დღეს ჯო ბაიდენი 78 წლის იქნება, ამიტომ საუბარია იმაზეც, რომ ბაიდენი მხოლოდ ერთი ვადით შეეცდება პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.

ბაიდენის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო თავად ბაიდენი NBC News- თან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ 2020 წლისთვის იმას გააკეთებს, რაც მისი აზრით სწორი იქნება.

“საკმარის დრო მაქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღო”- ამბობს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com