ახალი ამბებისამართალი

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურების ტენდერზე გამოძიება დაიწყო

23 თებერვალი, 2018 • 2477
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურების ტენდერზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურეობის ტენდერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას და პროკურატურიდან მიღებულ წერილს “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ავრცელებს.

როგორც პროკურორის წერილშია აღნიშნული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. თეონა ჭალიძის ინფორმაციით, ამ საქმეზე უკვე დაიკითხა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე.

შესაძლო კორუფციული ფაქტის გამოძიების მიზნით “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის კვლევის საფუძველზე თეონა ჭალიძემ პროკურატურაში შეიტანა განცხადება. მისი თქმით, კვლევის მიხედვით ადგილი ჰქონდა მერიის სატენდერო კომისიის მხრიდან სატენდერო პირობების მორგებას ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე.

“აქვე გაცნობებთ, რომ 1000 მშობლის ხელმოწერით ჩვენს მიერ შეტანილ პეტიციაზე, სადაც ვითხოვდით მშობლების შეხვედრას კახა კალაძესთან და კახაბერ გვანცელაძესთან, რომ კვების მენიუსთან დაკავშირებით მშობლების მოსაზრებები გაეთვალისწინებინათ, პასუხად მივიღეთ შეხვედრის გამართვაზე უარი.

წერილით გვაცნობეს, რომ თურმე “ბავშვები მარტივად ადაპტირდნენ კვების ახალ რაციონთან” და მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ “ამ საკითხზე რაიმე სახის დისკუსიის გამართვა”. არადა, გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ მშობლების მონაწილეობა აუცილებელია ბავშვთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასა თუ მათი განხორციელების პროცესში,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძე მიიჩნევს, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი არ ითვალისწინებს ამ და სხვა რეკომენდაციებს, რის გამოც უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა:

“თუმცა აქვე აღსანიშნავია,რომ მისი ადგილი არ უნდა დაიკავოს ჯაბა ჯიშკარიანმა და კიდევ უფრო არაკომპეტენტურმა პირმა, რომ “ვაის” გავეყარეთ და “უის” შევეყარეთ არ დაგვემართოს.”

[red_box]ნეტგაზეთის სიახლეები ბავშვთა კვებაზე[/red_box]

მიმდინარე წლის 24 იანვარს თბილისის მერიამ სკოლამდელი ასაკის ბავშების კვებით უზრუნველყოფისთვის ორი ტენდერი გამოაცხადა. მერიას ბაღში კვებისთვის, ჯამში, 34 მილიონზე მეტი ლარი აქვს გათვალისწინებული.

  • სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ერთი ტენდერის ღირებულება 9 050 559 ლარია. ამ თანხით მერიას სურს, რომ 165 დღის მანძილზე, დასვენების დღეების გამოკლებით, 16 103 ბავშვი უზრუნველყოს სამჯერადი კვებითა და ერთი წახემსებით. ამავე ტენდერის ღირებულებაში შედის 22 დღის მანძილზე 4 651 ბავშვის სამჯერადი კვებითა და ერთი წახემსებით უზრუნველყოფა.
  • მეორე ტენდერის ღირებულება 25 244 815 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიას სურს, რომ 165 დღის მანძილზე, დასვენების და უქმე დღეების გამოკლებით, 44 862 ბავშვი სამჯერადი კვებითა და ერთი წახემსებით უზრუნველყოს. ამავე ტენდერის ღირებულებაში შედის 22 დღის მანძილზე 13 380 ბავშვის სამჯერადი კვებით და ერთი წახემსებით უზრუნველყოფა.

მერიას ცალ-ცალკე აქვს გამოცხადებული მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებისთვის ტენდერები და ორივე ტენდერის ღირებულება, ჯამში, 34 295 374 ლარია.

მერიამ ბაღების კვებისთვის 34 მილიონი ლარის ღირებულების 2 ტენდერი გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი