ახალი ამბები

თბილისის მერია – დადგინდა, რომ შპს „ელფი“ ბაღებს უხარისხო ყველს და კარაქს აწვდიდა

23 თებერვალი, 2018 • 2348
თბილისის მერია – დადგინდა, რომ შპს „ელფი“ ბაღებს უხარისხო ყველს და კარაქს აწვდიდა

დღეს, 23 თებერვალს, თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ მითითება, შპს „ელფის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმართონ შესაბამის ბანკს და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გამოითხოვონ.

საქმე ეხება შპს „ელფსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რომელიც ითვალისწინებდა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას.

მერიის ცნობით, დადგინდა, რომ შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა.

“ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამური თანხის 3%-ს შეადგენს, და ის მთლიანად ჩაირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღების საბანკო ანგარიშზე,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერიის განცხადებით, შიდა აუდისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მითითების შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღები საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას 27 თებერვლამდე გამოითხოვენ.

შპს „ელფი“ მომსახურებას თბილისის 171 ბაგა-ბაღს 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უწევდა. მერიის ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ჯამში, 409 ათას ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი