ახალი ამბები

გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე – პრეზიდენტის მოწოდება

23 თებერვალი, 2018 • 1684
გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე – პრეზიდენტის მოწოდება

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს “გირგვლიანის შესწორებების” მიღებისა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა 23 თებერვალს ჟურნალისტებთან გააკეთა.

“პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ “გირგვლიანის შესწორებები”, რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო ერთი თვეა. შესწორებები, რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში.

შესწორებების ეს ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს. ვერ დაივიწყებს საქართველოს საზოგადოება, უკვე მერამდენედ, ამ ინიციატივას.

და მეორე, მინდა მოუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე განახორციელოს მორატორიუმი.

მე არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ.

ის, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება ამის თაობაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს.

დღეს მინდა გითხრათ, რომ ეს გეგმა ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს იმ სირთულეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ, 22 თებერვალს სასამართლო სისტემაში 44 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ. მათ შორის არიან გახმაურებული საქმეების – სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის, კაბელებისა და ციანიდის, რუსთვი 2-ის, “ბახალას” საქმეების მოსამართლეები. მათ დანიშვნას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.

თითქმის 1 თვის წინ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ფრაქცია იწყებდა მუშაობას კანონპრორქტზე, “რომელიც სახელმწიფოს ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალ სტანდარტს და მართლმსაჯულების ხელშეუვალობას უზრუნველყოფს”. ეს კანონსპროექტი ჯერ არ არის პარლამენტში ინიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი