ახალი ამბები

“მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, შენ ხარ” – აქცია შრომის უსაფრთხოებისთვის

23 თებერვალი, 2018 • 2887
“მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, შენ ხარ” – აქცია შრომის უსაფრთხოებისთვის

“ჩემი შვილიც დაიღუპა ორი წლის წინ ობიექტზე. მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მინდა მივაწვდინო ხმა მთავრობას, რომ ჩვენი პრობლემა გულთან მიიტანონ,  დაიცვან ჩვენი შვილები, რომლებიც ყოველდღიური ლუკმაპურისთვის გადიან სამუშაოზე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მზია შენგელიამ, რომელსაც 35 წლის ვაჟი 2 წლის წინ ბორჯომში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის მშენებლობაზე მუშაობისას დაეღუპა. იგი პროფკავშირების 23 თებერვლის აქციაზე შვილიშვილებთან ერთად მივიდა და სახელმწიფოს მოსთხოვა შრომის უსაფრთხოების დაცვა სხვა ტრაგიკული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, შენ ხარ – ამ და სხვა შეძახილებით პროფკავშირების წარმომადგენლები და ასობით დასაქმებული ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მივიდნენ.

გახადე შრომა უსაფრთხო - პროფკავშირების აქცია. ფოტო": მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

გახადე შრომა უსაფრთხო – პროფკავშირების აქცია. ფოტო”: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

შრომის ინსპექციის ქმედითუნარიანობის გაზრდა და ეფექტური კანონმდებლობის მიღება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო. სწორედ აღნიშნულზე გაამახვილა ყურადღება სიტყვით გამოსვლისას გიგა ბექაურმა, რომელიც პროფკავშირების ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მიუხედავად საკანონმდებლო საქმიანობისა, შრომის უსაფრთხოების არსებული კანონპროექტი არასრულყოფილი და ძირითადი გარანტიებისაგან დაცლილია.

“ვითხოვთ, შრომის ინსპექცია გახდეს რეალურად ქმედითი, ის კანონპროექტი კი, რომელსაც დღეს იღებენ, ამის საშუალებას არ იძლევა. მაგალითად, შრომის ინსპექტორებს კვლავ არ ეძლევათ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილზე. მას რიგი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევს, რათა შემოვიდეს ადგილზე და შეამოწმოს უსაფრთხოების ნორმები. ასევე, კანონპროექტი შრომით უფლებებს არ უზრუნველყოფს. მხოლოდ ამოწმებს უსაფრთხოების ნორმებს და ისიც მომატებული რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე.  81-ე კონვენციის მიხედვით კი, შრომის ადმინისტრირება უნდა იყოს სამმხრივი და პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და სახელმწიფოს მიერ უნდა ხორციელდებოდეს”, – განუცხადა მან “ნეტგაზეთს”.

რუსთაველის მეტროსა და ვარდების მოედანზე შეკრებილი დასაქმებულები ზუსტად 17:00-ზე შეურთდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ტრანსპარანტებითა და საპროტესტო შეძახილებით პარლამენტი შენობისკენ გაემართნენ. “სოლიდარობა მშრომელებს”, “სიცოცხლე მუშებს” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები არცთუ დიდი ხნის შეკრებილები იყვნენ, როცა ერთ-ერთმა გამომსვლელმა 21 იანვარს დაღუპული მუშის შესახებ აცნობა, რომლის შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა. ცნობას შეკრებილები წუთიერი დუმილით შეხვდნენ.

აქტივისტთა ცნობით, სამუშაო ადგილებზე 2007 წლის შემდეგ 487 მუშა დაიღუპა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

აქტივისტთა ცნობით, სამუშაო ადგილებზე 2007 წლის შემდეგ 487 მუშა დაიღუპა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მათ შორის ერთ-ერთი 42 წლის გიორგი გიორგიძე იყო, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაშია დასაქმებული. მისი თქმით, გასული წლების მანძილზე კოლეგებთან ერთად ოთხჯერ გაიფიცა, თუმცა ხელმძღვანელობას შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო ნაბიჯები არ გადაუდგამს. ძირითად პრობლემებს შორის თავად ყურადღება გაამახვილა მაღალ ტემპერატურაზე, დამტვერიანებასა და მოუხერხებელ სამოსზე.

“არსებობს კანონი, რითაც განსაზღვრულია სამუშაო ადგილზე ტემპერატურის დონე, რომელიც 27 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენთან კი,, ღუმელთან მუშაობის შემთხვევაში, 30-32 გრადუსსაც აღწევს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მაღალია გაუწყლოების რისკი, ეს კი სიკვდილიანობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ზაფხულში, როცა მხოლოდ გარეთ არის 40 გრადუსი, შიგნით რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ.

ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ მოუხერხებელია სამუშაო ტანსაცმელი, მით უმეტეს, მაღალი ტემპერატურის პირობებში. შეიძლება მე უშუალოდ ღუმელზე არ ვმუშაობ, მაგრამ ტემპერატურა და რადიაცია ჩემზეც აისახება”.

მისივე თქმით, შრომის არასათანადო პირობებმა პრობლემა უკვე არაერთ მუშას შეუქმნა, თუმცა ადმინისტრაცია პრობლემებს ზედაპირულად აღიქვამს.

“მოგეხსენებათ, ფერო აწარმოებს ლიკომანგანუმის შენადნობს. სილიციუმის ჭარბი რაოდენობით სისხლში მოხვედრა მთელ რიგ ავადმყოფობას იწვევს: იმუნურ, ონკოლოგიურ დაავადებებს… თითოეული დასაქმებულის სისხლის ანალიზი რომ აიღოთ, შეიძლება 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი იყოს მასში მანგანუმის მაჩვენებელი.

ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა ხელმძღვანელობისადმი იყო ის, რომ ხელშეკრულებაში მკაცრად ყოფილიყო განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების პირობები. ზედაპირული გადაიარაღება სრულყოფილი პასუხი არ არის”, – ამბობს გიორგი გიორგიძე.

პროფკავშირების აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პროფკავშირების აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პროფკავშირების აქციას დღეს ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების პირობებს აღარ უჩივიან, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბრძოლა მსგავსი მეთოდებით უწევდათ. აკაკი გვალია, რომელიც ამჟამად “თელასის” პროფკავშირებს ხელმძღვანელობს, წლების განმავლობაში თბილისის დისპეტჩერის პოზიციას იკავებდა. მისი თქმით, ის, რომ დღეს პრობლემა აღარ არსებობს, სწორედ დასაქმებულთა კონსოლიდირებული მოქმედების შედეგია.

“ბოლო 10 წლის მანძილზე 1 გარდაცვლილიც არ გვყავს, ეს არის იმის შედეგი, რომ ვმუშაობთ კონსოლიდირებულად, ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ. რომ ამბობენ, რომ პროფკავშირებს ბიზნესის დანგრევა უნდათ, ასე არ არის. “თელასი” ამის ნათელი მაგალითია”, – ამბობს ის.

კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტში 2017 წლის ივნისში დარეგისტრირდა. ის პირველი მოსმენითაა მიღებული, თუმცა მის არაერთ ნაწილს როგორც დეპუტატთა ნაწილი, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. მათ შორისაა შრომის უსაფრთხოების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა, სფეროთა რიცხვი, რომლებზეც კანონი გავრცელდება და შრომის ინსპექტორის დაშვების პროცედურები სამუშაო ადგილზე.

პროფკავშირების მსვლელობამდე ერთი კვირით ადრე, 15 თებერვალს, შრომის უსაფრთხოება “აუდიტორია 115”-მა და სხვა ორგანიზაციებმა ასევე საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს. ამავე პერიოდში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სტატისტიკა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2011-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე 1209 მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი