EUMM ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ: ვამოწმებთ ფაქტებს და ვაკვირდებით, რა ხდება

“ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ყველა ფაქტი და, რა თქმა უნდა, ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახს მივუსამძიმროთ,ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. ჩვენ ვამოწმებთ ფაქტებს და ვაკვირდებით, რა ხდება, ამ მომენტში მხოლოდ ამის თქმა შემიძლია”, – განუცხადა ნეტგაზეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა დეს დოილიმ 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დღისით ლენინგორში [ახალგორი] დააკავეს და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს.

“მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს,  მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა. თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და მას სხეულზე მრავლობითი ტრავმები ჰქონდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დავით ოქროპირიძე