ახალი ამბები

პარლამენტმა საფოსტო გზავნილების განბაჟების წესი არ შეცვალა

23 თებერვალი, 2018 • 4321
პარლამენტმა საფოსტო გზავნილების განბაჟების წესი არ შეცვალა

დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივას იმის შესახებ, რომ დაუბეგრავი საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარის ნაცვლად 500 ლარი გამხდარიყო.

კენჭისყრის შედეგად, გიორგი კანდელაკის საკანონმდებლო ინიციატივას 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 25-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

მოქმედი კანონმდებლობით, საფოსტო გზავნილები, რომლის ღირებულებაც 300 ლარზე ნაკლებია და წონა არ აღემატება 30 კილოს, დაუბეგრავია. რაც შეეხება საფოსტო გზავნილებს, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან რომლის წონა აღემატება 30 კილოს – იბეგრება მისი ღირებულების 18%-ით.

გიორგი კანდელაკის თქმით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება შეღავათი იქნებოდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის, რადგან ლარის გაუფასურების შემდეგ წლების წინ დადგენილი 300-ლარიანი ზღვარი ამცირებს მსყიდველობითუნარიანობას:

“არადა, უამრავი ადამიანი სარგებლობს ონლაინ ინტერნეტით, სხვადასხვა საქონელს ყიდულობს. თავის დროზე ეს ზღვარი იყი 1 500 ლარი, წლების წინ. შემდეგ იყო ასეთი არგუმენტი, რომ ზარალდებოდნენ წვრილი იმპორტიორები, ბიზნესმენები, რომლებიც იხდიან გადასახადებს და გარკვეული გამოთვლა ჩაატარა მაშინ ფინანსთა სამინისტრომ, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ოპტიმალური ზღვარი იყო $180, რაც მაშინ იყო 300 ლარი. მას შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ჩვენს მიერ შეთავაზებული ინიციატივა იყო ძალიან ზომიერი, იმედი გვქონდა, რომ “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერდა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ინდექსაციაა ძველი ნიშნულის. ანუ მაშინდელი 300 ლარი დღევანდელი 500 ლარია. თუმცა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა “ქართულმა ოცნებამ” ეს შემოთავაზება.”

როგორც კანდელაკი ამბობს, “ევროპული საქართველო” შორსაც წავიდოდა და უფრო აწევდა ამ ზღვარს, მაგრამ ახლა სპეციალურად გააკეთეს უფრო ზომიერი ვარიანტი.

“ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იქნებოდა მართლაც შეღავათი. ეს არაა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, მაგალითად, პენსიის ზრდა, რომელსაც ასევე ვთავაზობთ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა.

დეპუტატები, რომელთაგანაც შეფასება მოვისმინეთ, იყვნენ ბექა ოდიშარია და პაატა კვიჟინაძე. ორივემ თქვა, რომ იზიარებენ სულისკვეთებას და სწორად მიაჩნიათ, მაგრამ ხელოვნური ინიციატივააო. რას ნიშნავს ეს, და ბუნებრივი ინიციატივა როგორი იქნებოდა, არ ვიცი,” – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

პარლამენტმა ევროპული საქართველოს არცერთ სხვა კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი, მათ შორის, არც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი