სერგი კაპანაძე პარლამენტს ე.წ. “ოთხოზორიას სიის” შექმნას სთავაზობს

“დღეს პარლამენტს შევთავაზე, რომ შეიქმნას ე.წ. “ოთხოზორიას სია”, მსგავსი “მაგნიცკის სიისა”, რომელშიც შევა ყველა ის ადამიანი, ვისი ხელიც ურევია გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის თუ სხვა ჩვენი თანამემამულეების მკვლელობაში”, – აცხდებს სერგი კაპანაძე, “ევროპული საქართველოს” წევრი.

კაპანაძის განმარტებით, ამ სიაში მყოფი ადამიანების მიმართ ევროკავშირში და საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებში უნდა გავრცელდეს სანქციები – სამოგზაურო და სხვა.

“ხოლო ქვეყნის შიგნით ამ ადამიანების მიმართ უნდა იყოს სამართლებრივი დევნა, ასევე მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ის შეღავათები, რომლებსაც სახელმწიფო ავრცელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მიმართ, იქნება ჯანდაცვის თუ სხვა სერვისები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის ირგვლივ ყველა გაერთიანდეს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა. თავმოყვარეობის და ეროვნული ინტერესების ამბავია”.

სერგი კაპანაძემ ინიციატივის შესახებ, ცხინვალში 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს გიგა ოთხოზორიას,  ის 2017 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს.

მოკლედ გიგა ოთხოზორიას საქმეზე
  • გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, რაშიდ კანჯი ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა.
  • 2016 წლის 26 დეკემბერს ზუგდიდის  რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას  და  უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლის ბრალი დაუმძიმა და 2017 წლის 7 მარტს  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 2017 წლის 31 მაისს აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.
  • გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული, რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
  • აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი