ახალი ამბებისამართალი

გოშხეთელიანს კვლავ ეკრძალება დედამთილის შესახებ FB-ზე წერა – თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება

23 თებერვალი, 2018 • 2490
გოშხეთელიანს კვლავ ეკრძალება დედამთილის შესახებ FB-ზე წერა – თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება

საიას ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ დეა გოშხეთელიანის მიერ ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო მის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

ამ ორდერით გოშხეთელიანს აკრძალული აქვს FB-ზე პოსტის გამოქვეყნება, რომელიც შეიძლება შეურაცხმროფელი  იყოს დედამთილისთვის.

პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ ორი შემაკავებელი ორდერი გამოწერა – მულის და დედამთილის მიმართ. როგორც საიას იურისტი, გიორგი ანთაძე გვეუბნება, პოლიციამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გამოწერა შემაკავებელი ორდერი მულთან დაკავშირებით, ვინაიდან დეა გოშხეთელიანის მიერ დაწერილ  სტატუსში, სადაც იგი ოჯახში განცდილ ძალადობაზე საუბრობს, მული საერთოდ არ იყო ნახსენები. თბილისის საქალაქო სასამართლომ მულის სასარგებლოდ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დედამთილს, გიორგი ანთაძის განმარტებით, ის, რომ დეა გოშხეთელიანს თავის სტატუსში ფარისევლად ჰყავდა მოხსენიებული დედამთილი, სასამართლომ ეს მიიჩნია იმგვარ ძალადობად, რომელიც იწვევს მის ფსიქოლოგიურ დათრგუნვას და რომელზეც შემაკავებელი ორდერის გამოწერა არის შესაძლებელი.

“ეს არ შეიძლება საფუძველი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ სულ რომ მივიჩნიოთ, რომ ეს არის ნამდვილად დამამცირებელი მიმართვა, კანონი მაინც ამბობს, რომ არაერთჯერადი ხასიათი უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ანუ მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს გამოვლენა რაიმე უხამსი სიტყვის, რომ ეს ძალადობად მოვიჩნიოთ, რასაც ადგილი არ ჰქონდა,”- ამბობს იურისტი გიორგი ანთაძე.

 საია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს სააპელაციო სასამართლოში.

“მთავარი ისაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იძლევა საფუძველს, რომ სტატუსის გამო, სადაც მსხვერპლი თავის პრობლემებზე საუბრობს, იგი შეიძლება მოძალადედ მივიჩნიოთ,”- ამბობს გიორგი ანთაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი მამამთილის მიმართვის შედეგადაც გამოწერა, რაც საიას მიერ გასაჩივრების შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

დეა გოშხეთელიანის საქმე:

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი