ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს საგარეო უწყება ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

23 თებერვალი, 2018 • 1754
საქართველოს საგარეო უწყება ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას.

“მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.

რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, “სათანადო შეფასება მისცენ მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება”.


ოსური მხარე აცახდებს, რომ ტატუნაშვილი, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა და ლენინგორის ტერიტორიაზე დააკავეს, “ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი და 2004-2008 წლებში ქართული აგრესიის აქტიური მონაწილე იყო”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დღისით ლენინგორში [ახალგორი] დააკავეს და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, “რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბძროლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა”.

“მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს,  მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და მას სხეულზე მრავლობითი ტრავმები ჰქონდა.

მომხდარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.  

უწყებაში აცხადებენ, რომ “პრინციპულად მნიშვნელოვანია სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება”

მასალების გადაბეჭდვის წესი