გამოვლენილია 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა  500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად  დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ახალი ხორცი“ ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში

სააგენტოს ცნობით, საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com