ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების სამინისტრო ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საერთაშორისო რეაგირებას ელის

23 თებერვალი, 2018 • 2072
შერიგების სამინისტრო ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საერთაშორისო რეაგირებას ელის

“საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსუკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს”, – შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატი 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“ამ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გუშინ უკანონოდ დააკავეს ახალგორში, მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა”.


ოსური მხარე აცახდებს, რომ ტატუნაშვილი, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა და ლენინგორის ტერიტორიაზე დააკავეს, “ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი და 2004-2008 წლებში ქართული აგრესიის აქტიური მონაწილე იყო”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დღისით ლენინგორში [ახალგორი] დააკავეს და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, “რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბძროლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა”.

“მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს,  მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და მას სხეულზე მრავლობითი ტრავმები ჰქონდა.

მომხდარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.  

უწყებაში აცხადებენ, რომ “პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი