ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ცხინვალში გულის უკმარისობით გარდაიცვალა

23 თებერვალი, 2018 • 1570
ოსური მხარე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ცხინვალში გულის უკმარისობით გარდაიცვალა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა.

ოსური მხარის ინფორმაციითვე, დაკავებულის პირად ნივთებს შორის იყო სამხრეთ ოსეთის დოკუმენტები, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი. მის მობილურ ტელეფონში კი აღმოჩნდა სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ფოტო.

ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა და ლენინგორის ტერიტორიაზე დააკავეს, “ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი და 2004-2008 წლებში ქართული აგრესიის აქტიური მონაწილე იყო”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი  22 თებერვალს, დღისით ლენინგორში [ახალგორი]  დააკავეს  და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, “რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბძროლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა”.

“მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს,  მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და სხეულზე მრავლობითი ტრავმები ჰქონდა.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ქართულ მხარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი