ახალი ამბები

სირია: აღმოსავლეთ ღუტა ცეცხლსა და დანას შორის

23 თებერვალი, 2018 • 2189
სირია: აღმოსავლეთ ღუტა ცეცხლსა და დანას შორის

სირიის დედაქალაქ დამასკოს მოსაზღვრე ღუტას ანკლავის აღმოსავლეთ ნაწილის ხუთდღიან დაბომბვას 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამის შესახებ BBC ბრიტანეთში დაფუძნებულ “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე” დაყრდნობით იუწყება. ტერიტორია ამბოხებულებსა და სხვადასხვა რადიკალურ დაჯგუფებებს უკავიათ, რომელთაც სირიის მთავრობა მიმდინარე კვირის მანძილზე ინტენსიურად უტევს.

ღუტაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეროში შვედეთისა და ქუვეითის მიერ რეზოლუციის სამუშაო ვერსია მომზადდა, რომელიც სირიის ყველა შეიარაღებულ ძალას შორის(“ISIS”-ს, “ალ ქაიდასა” და “ან-ნუსრას ფრონტთან დაკავშირებული დაჯგუფებების გარდა) ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. დოკუმენტის მიღებას რუსეთის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება, რომელსაც ის არარეალურად მიაჩნია.

მხოლოდ 17-21 თებერვალს სირიის სამთავრობო ძალებმა ღუტაზე 420 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ობსერვატორიის საერთო მონაცემებით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული დღემდე ტერიტორია 1 290-6 190 რაკეტით დაიბომბა, რამაც 1070 ადამიანი შეიწირა.

სოციალურ მედიაში ღუტას მშვიდობიანი მოსახლეობის გასაჭირის ამსახველი უმძიმესი კადრები ვრცელდება. ვიდეოებსა და ფოტოებში ზრდასრულებთან ერთად დასახიჩრებული ბავშვებიც ჩანან, რომლებიც ნახევრად დანგრეულ სახლებსა თუ მათ გარეთ დახმარებას ითხოვენ. დაშავებულთა დახმარება ბოლო დღეებში მეტად გართულდა, რადგან ინტენსიური საჰაერო დაბომბვების შედეგად არაერთი საავადამყოფო და კლინიკა განადგურდა.

ღუტას მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა პროდუქტის სიმცირე და მაღალი ფასებია. როგორც ორგანიზაცია “Reach Initiative” წერს, გასულ წლებში არაფორმალური ქსელი არსებობდა, რომლის მეშვეობით ალყაში მოქცეულ დასახლებებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საკვები მიეწოდებოდათ, თუმცა გასული წლის სექტემბრიდან მთავრობამ ეს “გვირაბები” ჩაკეტა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ღუტას მხოლოდ ნოემბრის ბოლოდან მიეწოდება.

სირიის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვასთან დაკავშირებით ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს. მთავრობის განცხადებით, ისინი ცდილობენ, ტერიტორია “ტერორისტებისგან” გაწმინდონ, რომელთა შეტევებს ასადის კონტროლირებად უბნებზე 113 ადამიანი შეეწირა.

ღუტას მცხოვრებმა, 29 წლის მოიადმა BBC-ის უთხრა:

“სამწუხაროდ, ახლა ცეცხლსა და დანას შორის ვარ. ცეცხლი აღმოსავლეთ ღუტას დაბომბვებისგან მოდის, დანა კი, “ალ ქაიდასა” და “ისლამური სახელმწიფოსგან”. უსაფრთხო გამოსავალი არ არსებობს”.

ღუტა პატარა ქალაქებისა და დასახლებების ერთობაა დამასკოს გარშემო, რომელიც ამბოხებულთა ერთ-ერთ ბოლო დასაყრდენად მიიჩნევა. ტეროტორიაზე რიგი დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ხედვებით, მათ შორის რადიკალური ისლამითაც არიან წარმოდგენილი, რის გამოც პერიოდულად ერთმანეთს უპირისპირდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი