ახალი ამბები

მთავრობა თბილისში “ბიზნეს სახლს” აშენებს

26 თებერვალი, 2018 • 2396
მთავრობა თბილისში “ბიზნეს სახლს” აშენებს

“ბიზნეს სახლის” შენობის ასაშენებლად, რაზეც მთავრობა 2 წელია მუშაობს, ბიუჯეტიდან 71 621 080 ლარი გამოყვეს. ტენდერი უკვე დასრულდა, ახლა გამარჯვებულების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს.

2018 წლის იანვარში დასრულებული ტენდერის მიხედვით, “ბიზნეს სახლის” შენობის ფართი 27 804 მ2–ს შეადგენს. ის 5-სართულიანი შენობა იქნება. ტენდერში მონაწილეობენ ამხანაგობა “ბიზნეს სახლი”, შპს “დაგი” და სამშენებლო–სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია “აკკორდი”.

შენობის კარკასის მშენებლობა 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ტენდერში, რომელიც სახელმწიფო მომსახურების ბიურომ გამოაცხადა, სამშენებლო კომპანია “ენსისიმ” გაიმარჯვა. “ენსისიმ” 10 086 659 ლარის სანაცვლოდ მშენებლობის დაწყეიდან 7 თვეში კარკასი უნდა ააშენოს, ხოლო მიმდინარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია აშენებულ კარკასს დასრულებულ მდგომარეობამდე მიიყვანს.

შენობა უნდა მოეწყოს 13 421 მ2–ის მიწის ნაკვეთზე, თბილისში, გულიას ქუჩა N3-ში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ. პროექტის მიხედვით, პროექტი “ბიზნეს სახლი” სახელმწიფო სერვისების მიწოდების გასაუმჯობესებლად შენდება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში 600 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ, რომლის მიწოდებას ამ ეტაპზე 60-მდე უწყება უზრუნველყოფს.

ტენდერის მიხედვით, საპროექტო შენობა არის თანამედროვე, ინოვაციური და ენერგოეფექტური, რომელიც „მწვანე შენობის“ LEED-ის ვერცხლის სერტიფიკატის მქონე პირველი შენობა იქნება საქართველოში.

 


“ბიზნეს სახლის” შექმნის იდეა პირველად საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებაში გახმიანდა, თუმცა მომდევნო წლის დეკემბრამდე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. ამ განკარგულების მიხედვით, შენობაში უნდა განთავსებულიყო ეკონომიკის სამინისტროს აპარატიც.

“ბიზნეს სახლის” პროექტზე საუბარი მთავრობამ აქტიურად დაიწყო 2016 წლის სექტემბრიდან, წინასაარჩევნო პერიოდში.

“ეს არის რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობის ლანდშაფტს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის სექტემბერში, როდესაც “ბიზნეს სახლის” მშენებლობის კაფსულა ჩადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი