ახალი ამბებიკომენტარი

ჩაბუქი და მუხთარლი – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

23 თებერვალი, 2018 • 3282
ჩაბუქი და მუხთარლი – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯოსეფ ლარსენი აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც ანალიტიკოსი განიხილავს აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებს  და საქართველოს მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სერიოზულად უნდა განიხილოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის უარყოფის საკითხი, მის წინააღმდეგ საკმარისი სამხილის არქონისა და ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების მოშველიებით, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ნორმებით და ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმებებით აიღო. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ექსტრადირების ვალდებულება. თუმცა ექსტრადირებაზე უარის თქმას, შესაძლოა, თურქეთისგან საპასუხო რექცია მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია მიუთითოს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე და ევროკავშირისგან დიპლომატიური მხარდაჭერაც მოითხოვოს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიების შედეგები უნდა გამოაქვეყნოს და მუხტარლის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გაატაროს. საუკეთესო შემთხვევა იქნება, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხტარლის უსაფრთხოების გარანტირება ვერ უზრუნველყო. უარეს შემთხვევაში,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრები თავად მონაწილეობდნენ მის გატაცებაში. გამოძიების შეფერხება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და, ზოგადად, საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობას მხოლოდ შეამცირებს.
  • საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობა უნდა გააძლიეროს, რის დანაკლისსაც ქვეყანა ათეულობით წელია განიცდის. კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებელ ამ ორგანოს სავარაუდო დარღვევების გამოძიების იურისდიქცია მიეცეს. ამ მხრივ, დამაიმედებელი ნაბიჯი მთავრობამ უკვე გადადგა და შეიქმნა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, რომელიც პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული საგამოძიებო ორგანი იქნება. თუმცა, მისი ეფექტურობის შეფასებამდე, ორგანომ ჯერ ფუნქციონირება უნდა დაიწყოს.
  • საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სტრუქტურებთან უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს.  ევროკავშირთან ინტეგრაციის ფუნქციური შეუქცევადობა აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისთვის ნაკლებ სტიმულს მისცემს. საქართველომ უნდა დაანახოს აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებამ, რომ მის მიერ „ასოცირების შესახებ შეთანხმებითა“ და სხვა რელევანტური ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები მტკიცე და ურყევია.
  • საქართველოს მთავრობამ უნდა წარმოაჩინოს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის მომგებიანი არ არის. აზერბაიჯანის ქმედებებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით თუ მის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადობისა და პოლიტიკური საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაუცხოება გამოიწვია. ეს ყოველივე ზღუდავს ორმხრივი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აზერბაიჯანთან საქართველოს თანამშრომლობის სივრცეს, რაც საბოლოოდ, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს.
  • საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართ მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს. აღნიშნული ორი ქვეყნის ტერიტორიული სიდიდისა და ეკონომიკური სიძლიერის მიუხედავად, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალურ აზიასთან თურქეთის დაკავშირებაში. მათ შორის, თურქეთში გაზის ტრანზიტის კუთხით, რომელიც ბუნებრივი გაზის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა. ასევე, საქართველო წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენის ბურჯს. ამასთან, საქართველო ჩინეთის „სარტყლის და გზის ინიციატივის“ რეგიონული ჰაბია. რომელშიც სამივე ქვეყანას აქვს თავისი სარგებელი.

რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა?

  • ევროკავშირმა ბალანსი უნდა დაიჭიროს. შიდა რეფორმების განხორციელების სანაცვლოდ, „მეტი მეტისთვის“ პრინციპის მეშვეობით, მან გაზრდილი მხარდაჭერა და ხელშესახები სტიმულები უნდა შესთავაზოს საქართველოს.  აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან წარმოებული ავტორიტარული ზეწოლის აღიარებას  მხარდაჭერის ზრდა უნდა მოჰყვეს. თუმცა აღნიშნული მხარდაჭერა პირობითი უნდა იყოს, საქართველოში სწრაფი და შეუფერხებელი რეფორმების განხორციელების სანაცვლოდ.
  • ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მუხტარლის საქმის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნოს. ეს მნიშვნელოვანი შეტყობინება იქნება სამი აუდიტორიისთვის: საქართველოს მთავრობისთვის — რომ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურზე ზედამხედველობის უუნარობა ევროკავშირის მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება; საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის ქომაგად რჩება; და (უმთავრესად) აზერბაიჯანის მთავრობისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ჭეშმარიტი და ურყევია.
  • ევროკავშირმა უფრო მეტად უნდა მიმართოს ყურადღება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, მან სათანადო პასუხი უნდა გასცეს აზერბაიჯანის მთავრობის მცდელობას — შეავიწროოს საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი დისიდენტები.
  • ევროკავშირი უნდა შეეცადოს შუამავლის როლი მოირგოს ჩაბუქის ექტრადიციის საკითხზე საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმების მისაღწევად. კერძოდ, ეს ნიშნავს იმის მკაფიოდ გამოხატვას, რომ თურქეთმა ჩაბუქის მიმართ არსებული მოთხოვნები უკუაგდოს.

ვრცლად ჯოზეფ ლარსენის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი