მუსტაფა ემრე ჩაბუქი გათავისუფლეს შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები პედაგოგის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება ჩაბუქის უფლებების დამცველებმა მთავარ პროკურატურაში დღეს, 22 თებერვალს შეიტანეს. მოთხოვნას ჩაბუქის გატაცებისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხით ხსნიან.

“გათავისუფლების შემდეგ კვლავ გაჩნდა სოციალურ ქსელში ჩანაწერები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი მისი ოჯახის წევრების მსგავსად ჩართული იქნას დაცვის სპეციალურ პროგრამაში, რითაც დაცული იქნება მისი სიცოცხლე”, – განუცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მედიას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თქმით, მისი გათავისუფლების შემდეგ ის და მისი ოჯახი კვლავ საფრთხის ქვეშ დგანან, რის გამოც შესაბამის უწყებებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვის თხოვნით მიმართავს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩემი დაპატიმრების შემდეგ ჩემი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები გაისმა, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ისინი და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს. დღეს, მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც კვლავ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა სახის საფრთხე შეიძლება იყოს, ამაზე ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ. ამიტომ ვთხოვ შესაბამის სამსახურს, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად მეც ჩამრთონ დაცვის სპეციალურ პროგრამაში”, – აღნიშნა მან. კომენტარის თარგმანს ტელეკოომპანია “იმედი” ავრცელებს.

მანამდე, მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობის პერიოდში, სახელმწიფომ დაცვის სპეციალურ პროგრამაში მისი მეუღლე და შვილი ჩართო.


  • 19 თებერვალი: დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი და მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლომ  წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
  • ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი უთხრა ჩაბუქის ექსტრადიციაზე თურქეთს. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
  • დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.
  • 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურებოდა.
  • ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.
  • დემირელის კერძო კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამბობს, რომ იგი პოლიტიკური პატიმარი იყო.
  • “თამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 19 თებერვალს.
  • დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან